სამართალი
მიხეილ სააკაშვილი: რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს

 საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ დაინიცირებას გამოეხმაურა.

ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნულ კანონპროექტს პროვოკაციას უწოდებს.

რაც შეეხება პროვოკაციას "უცხოელი აგენტების კანონის" თაობაზე, "ოცნებამ" იცის, რომ მათი მმართველობა მთავრდება. მათ გაანადგურეს ეკონომიკა, უსაშველოდ აწიეს ფასები, ასობით ათასი ქართველი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო.

ახლა ამ რუსული კანონის შემოგდებით, ივანიშვილს სიტუაციის არევა სურს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი, მტკიცე და არც კანონის გატანის, არც არევის საშუალება არ უნდა მივცეთ. არჩევნებამდე გაძლიერებული უნდა მივიდეთ. მოვიყვანოთ ახალი მთავრობა, რომელიც "ოცნებასთან" ერთად სიღარიბესა და უპერსპექტივობას მოგვაშორებს“, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით - ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.