საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონკურენტუნარიანობა და სატრანსპორტო დარგების მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა, რომლის საშუალო ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში 11%-ს გაუტოლდა. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდა საქართველოს სატრანზიტო როლი ენერგეტიკული მიმართულებით და ბოლო სამი წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი მთლიანობაში საშუალოდ – 22%-ით, ხოლო სამხრეთკავკასიური მილსადენით გაზის ტრანზიტი საშუალოდ 25%-ით გაიზარდა და, ჯამურად, 2020 წელთან შედარებით, 92%-ით არის გაზრდილი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, რეკორდულ მოცულობას მიაღწია ელექტროენერგიის გენერაციამ, ტრანზიტმა და ექსპორტმა. ელექტროენერგიის გენერაციის საშუალოწლიური ზრდა ბოლო სამ წელიწადში 9%-ს გაუტოლდა (ჯამურად, 2020 წელთან შედარებით, გენერაცია გაზრდილია 29%-ით). ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა იმპორტის წილი მოხმარებაში და 2023 წელს რაოდენობრივ გამოხატულებაში ექსპორტმა იმპორტს თითქმის ორჯერ გადააჭარბა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად მისი უწყება მუშაობას გააგრძელებს საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში ინტეგრაციისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
„პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, იგეგმება მუშაობა საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის გაციფრულების მიმართულებით – სატრანზიტო დერეფანში ლოგისტიკის ციფრული პლატფორმის ფორმირების გზით, რაც გაზრდის ქვეყანაში სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობას და უზრუნველყოფს მის მდგრადობას“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.