საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. თავის დროზე უსამართლო სანქციებმა საბაბი მისცა ოპოზიციას და მასთან დაკავშირებულ „ენჯეოებს“, მოეხდინათ სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმა და დისკრედიტაციის კამპანიის წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით დადასტურდა, რომ მის მიმართ სანქცია იყო უსამართლო და უსაფუძვლო.
„ვფიქრობ, ეს არის ნაწილი, მათ შორის, პარტნიორული ურთიერთობებისა, როდესაც, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოსგან მივიღეთ დადასტურება, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე არ იყო არანაირი დარღვევა, იყო აბსოლუტური სპეკულაცია, პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი, ერთი კვირა გავიდა და ჩვენ ჯერ არანაირი რეაქცია არ მოგვისმენია არცერთი საელჩოსგან, რომლებიც თავის დროზე, ორი წლის წინ იყვნენ ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ მადისკრიმინირებელი კამპანიის მონაწილენი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, „ქართველი ხალხი ელოდება პასუხს, მოსამართლეთა დასანქცირება იყო აშშ-ის ყოფილი ელჩის შეცდომა, „ენჯეოების“ განზრახ შეცდომა თუ რასთან გვქონდა საქმე“.
„შეგახსენებთ განცხადებებს მაშინდელი დიპლომატების, რომლებიც პირდაპირ პოლიტიკურ მოტივაციებზე მიანიშნებდნენ. გახსოვთ, რომ ერთ-ერთი საელჩოს თანამშრომელმა პირდაპირ მოსთხოვა ანგარიში საქართველოს მოსამართლეს კონსტიტუციისა და, ზოგადად, პარტნიორული ურთიერთობების ყველა ძირითადი პრინციპის დარღვევით. ამიტომ ქართველი ხალხი ელოდება პასუხს. ეს იყო აშშ-ის ყოფილი ელჩის შეცდომა, საელჩოს თანამშრომლების შეცდომა, საელჩოს მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ განზრახ შეცდომა, რასთან გვქონდა საქმე, ველოდებით განმარტებას და შედეგსაც. შედეგი არის ერთადერთი – ეს არის საქართველოს მოქალაქისთვის უსამართლო სანქციის მოხსნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობამ ახლახან მიმართა აშშ-ის საელჩოს, მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი დაიწყოს.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები 2023 წლის 5 აპრილს დაუწესა.
ამასთან, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ მოსამართლეთა სიაში არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ლაშა ჩხიკვაძე 2022 წელს აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი პროგრამიდან მოიხსნა.
შეგახსენებთ, ლაშა ჩხიკვაძე იყო ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, რომლის განაჩენი გვარამიამ სტრასბურგში გაასაჩივრა. საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ განსახილველად არ მიიღო.