აქტუალური
საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს.

როგორც სებ-ის ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა თაღლითური შემთხვევები, რომლებიც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის, AnyDesk-ი) გამოყენებით ხორციელდება.

კერძოდ, სხვადასხვა მეთოდით, სარეკლამო რგოლებით, სოციალური ინჟინერიით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით – მომხმარებლებს უბიძგებენ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის მობილური ტელეფონის აპარატში გადმოწერონ და დააინსტალირონ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა/აპლიკაცია, რომელიც თაღლითებს აღნიშნული მოწყობილობისა თუ სხვადასხვა აპლიკაციის, მათ შორის, მობილური ბანკის, ე.წ. SMS შეტყობინებების და ა.შ. დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას მისცემს.

დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როცა ზემოთქმულის გათვალისწინებით თაღლითებმა შეძლეს მომხმარებლის სახელით სესხის/კრედიტის გააქტიურება, დეპოზიტების ვადამდე შეწყვეტა და თანხების სხვადასხვა ანგარიშზე გადარიცხვა, მათ შორის, ვირტუალური აქტივების შესაძენად.

საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ/ვირტუალურ სივრცეში გავრცელებული შეთავაზებების მიმართ, ასევე, საკუთარი პერსონალური, მათ შორის, ფინანსური მონაცემების გამჟღავნებისას. პირველ ყოვლისა, მოიძიონ შეთავაზების გამავრცელებელი კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა კომპანიასთან.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე – (+995)0322406406)“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.