ჯაშუშობაში ბრალდებულ ფოტორეპორტიორებს სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არ აქვთ , – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ განაჩენის გამოტანის შემდეგ განმარტა.
ფოტორეპორტიორები ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ნათია გედენიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, 16.00 საათზე, დაიწყო. სხდომას მოსამართლე ზვიად ესებუა უძღვებოდა.
მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. შუამდგომლობის თანახმად, პროკურატურამ მოითხოვა, რომ ზურაბ ქურციკიძეს – 3 წლით, გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენიძეს – 4-4 წლით, ხოლო ნათია გედენიძეს 1,6 წლით თავისუფლების პირობითად აღკვეთა შეეფარდოთ.
შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „ალია ჰოლდინგის“ ფოტორეპორტიორი) რამდენიმე კვირის წინათ დააკავა.
ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
საქინფორმი