აქტუალური
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი 150 მილიონ ევრომდე გაიზარდა

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. ევრო 2024-ზე გასული საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულება 150,2 მილიონ ევრომდე გაიზარდა, განახლებული მონაცემები ცნობილმა გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა გამოაქვეყნა.

26 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი პენალტების სერიაში გატანილი გოლებით - 4:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. მანამდე კი ეროვნულმა გუნდმა ნახევარფინალში ლუქსემბურგის გუნდს ანგარიშით 2:0 სძლია.

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიას მნიშვნელოვანი სხვაობით იტალიური „ნაპოლის" მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია უდგას სათავეში, მიუხედავად იმისა, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება 85-დან 80 მილიონ ევრომდე შემცირდა.

ესპანური კლუბ „ვალენსიის" მეკარის გიორგი მამარდაშვილის ფასი კი 5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 35 მილიონი ევრო გახდა.

საქართველოს ნაკრების ხუთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი:

1. ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 80 მილიონი ევრო.

2. გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 35 მილიონი ევრო.

3. გიორგი მიქაუტაძე, „მეცი“ – 9 მილიონი ევრო.

4. ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 3 მილიონი ევრო.

5. საბა საზონოვი, „ტორინო“ – 3 მილიონი ევრო.

ევროპის ჩემპიონატი გერმანიის ათ ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის პერიოდში ჩატარდება - საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ჩეხეთის, პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.