აქტუალური
მმართველმა პარტიამ გენდერული კვოტების გაუქმების თაობაზე „გირჩის" ინიციატივას მხარი დაუჭირა

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მხარი დაუჭირა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ დეპუტატების მიერ ინიცირებულ ცვლილებებს საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ.

საპარლამენტო არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე პარტია „გირჩმა“ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილების პროექტი საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვითაც სიის ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს.

როგორც „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის უნდა იყოს ბევრი ისეთი შეთანხმება, როგორიცაა გენდერული კვოტების გაუქმების საკითხი.

მზად ვარ, კიდევ ბევრ სხვა კარგ საქმეებთან დაკავშირებით ვითანამშრომლო როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან, ოღონდ ვინმეს რამე კარგი უნდოდეს", - განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მათი ხანგრძლივი ბრძოლის შედეგია და ისინი ამით, რეალურად ქალთა უფლებებს იცავენ.

როდესაც აწესებ ადამიანზე კვოტას, ის ადამიანის თვალში აღიქმება არა როგორც პროფესიონალი, არამედ როგორც კვოტით მოქმედი", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

დეპუტატის თქმით, ძალიან მარტივ მაგალითად შეიძლება წარმოვიდგინოთ სამედიცინო სფერო, პაციენტი რომელს ანდობდა სიცოცხლეს? - კვოტით სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ ექიმ ქალს თუ მამაკაცს, რომელმაც ადგილი თავისი პროფესიონალიზმით მოიპოვა.

როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, უმრავლესობამ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა და „გირჩი“ თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის პროცესში ორიენტირებული იქნება კანდიდატების კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე და არ იხელმძღვანელებს პირადი ინტერესებით.

უმრავლესობა ამ ცვლილებებთან დაკავშირებულ პრინციპებს ეთანხმება. ასევე ეთანხმება მის დაჩქარებული წესით განხილვას", - განაცხადა დეპუტატმა.

თავის მხრივ, ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი არა „გირჩის", არამედ „ქართული ოცნებისაა".

მე ამ პროექტს „გირჩის“ პროექტს ვერ ვუწოდებ - ეს არის „ქართული ოცნების“ პროექტი და რომ არა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური განზრახულობა, „გირჩის“ იდეა იდეად დარჩებოდა", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, პარტია „ლელო“ თავად წარადგენს საარჩევნო სიას იმ მოდელით, რასაც მოქმედი კანონი ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე ეს საჭიროდ და აუცილებლად მიგვაჩნია - გავა წლები და საჭირო და აუცილებელი აღარ იქნება“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ეს უკვე „გირჩის" მეორე მცდელობაა საპარლამენტო არჩევნებისთვის შედგენილ პარტიულ სიებში გააუქმოს ქალების კვოტები. პარტიამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წელს მიმართა, თუმცა მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.