საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საქართველოში მცხოვრებმა კათოლიკეებმა აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს.
დღესასწაულთან დაკავშირებით სააღდგომო ღვთისმსახურება თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აყვანების კათოლიკურ კათედრალურ ტაძარში ჩატარდა. ლიტურგიას, ტრადიციულად, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა.
ეპისკოპოსმა მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
„ქრისტეს აღდგომა არის სასიხარულო. ჩვენს ოჯახებში, საზოგადოებაში შეიძლება იყოს პრობლემები, მძიმე მომენტები, მსოფლიოში ომებია და სწორედ ამისთვის არის საჭირო, ვთქვათ: ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა ნიშნავს, რომ სიკვდილი დამარცხებულია, თუ სიკვდილი დამარცხებულია, ის არ არის ბოლო სიტყვა ჩვენთვის. ქრისტე აღდგა ნიშნავს, რომ გულში ყოველთვის უნდა გვქონდეს იმედი და ეს იმედი ჩნდება, ვინაიდან ქრისტე აღდგა. მინდა, მივულოცო კათოლიკეებს, პროტესტანტებს, სომხებს, რომლებიც დღეს ზეიმობენ, აგრეთვე მათ, ვინც ამ დიდ საიდუმლოს ერთი თვის შემდეგ ზეიმობს, ვინაიდან ყველანი ქრისტიანები ვართ“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.
კათოლიკეებისთვის ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს წინ უძღოდა 40-დღიანი მარხვა.
ამ დღისთვის კათოლიკე ეკლესია განსაკუთრებულად ემზადება. დიდ შაბათს არის სიჩუმის დღე. მორწმუნეებს სჯერათ, რომ სწორედ შაბათის ღამეს ქრისტე მობრუნდა ჯოჯოხეთიდან და მკვდრეთით აღდგა.