აქტუალური
ტელეანძის კერძო მმართველობაში გადაცემა მომსახურების ტარიფის ზრდას გამოიწვევს

aandzaaკომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი ირაკლი მოსეშვილი არ გამორიცხავს, რომ ანძის სხვა კომპანიისთვის გადაცემით მაუწყებლებს მომსახურების ტარიფები გაეზარდოთ.

„გამორიცხული არ არის, რომ ანძის ახალმა მმართველმა დაიწყოს იმ დავალიანების ამოღება სხვადასხვა ორგანიზაციისგან, რომლებიც იყენებენ ანძას. ამან შეიძლება შეუქმნას პრობლემები მაუწყებლებს, განსაკუთრებით, პატარა მაუწყებლებს, რომელებსაც არ აქვთ იმხელა ფინანსური შესაძლებლობები, როგორიც ნაციონალურ არხებს“, – აღნიშნა მოსეშვილმა.

 

მისივე თქმით, მარეგულირებელს არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი, ჩაერიოს ანძასა და მაუწყებლებს შორის ურთიერთობაში.

„მინდა, რეკომენდაცია მივცე აუქციონის ჩამტარებლებს, გარდა იმისა, რომ პროფილი არ შეიცვლება, არ მოხდეს იმხელა ტარიფის დაწესება, რაც მოკლავს კონკურენტუნარიან გარემოს ამ სფეროში“, – აცხადებს ირაკლი მოსეშვილი.

საქართველოს მთავრობა თბილისის ანძის მფლობელი კომპანია „ალფა-კომი“ ელექტრონულ აუქციონზე გამოაქვს. კომპანიის მართვის უფლების მოპოვების ღირებულება 100 000 ლარია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის დებიტორული დავალიანება 6 988 202 ლარია, ხოლო კრედიტორული დავალიანება – 2 917 158.59 ლარი.

აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიის ახალი მმართველი ვალდებულია, მას პროფილი შეუნარჩუნოს და 4 წლის განმავლობაში 12 000 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.

აუქციონი 1 აგვისტოს www.eaucion.ge-ზე 17:00 საათზე გაიმართება.

თბილისის ახლანდელი ტელეანძა ძველის ადგილზე 1972 წელს აშენდა. მას თავიდან „საქართველოს ტელეცენტრი“ მართავდა. ანძის საკომუნიკაციო სისტემები მოიცავს ტრანსლირებას, სხვა მობილურ გადამცემებს და კომერციულ ტელევიზიას.

იურიდიული პირების რეესტრში შპს „ალფა-კომი“ (საიდენტიფიკაციო კოდი № 203829250) 2000 წლის 25 სექტემბერსა დარეგისტრირდა. მისი საწესდებო კაპიტალი 10 262 352 ლარია. შპს „ალფა-კომის“ დირექტორი გიორგი დეკანოსიძეა.

 

საქინფორმი