საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს „საგადასახადო კოდექსში" შესატან ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს 2025 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს გარკვეულ სახეობაზე აქციზის შემცირებას.
კერძოდ, პროექტის თანახმად, ცვლილებები ითვალისწინებს აქციზის განაკვეთის 60 ლარიდან 30 ლარამდე შემცირებას თამბაქოს ნედლეულზე, თამბაქოს ნარჩენებზე, ჩილიმით მოსაწევ თამბაქოზე, „ჰომოგენიზებულ“ ან „აღდგენილ“ თამბაქოზე, საღეჭ ან საყნოს (ბურნუთი) თამბაქოზე და ა.შ.
2025 წლის 1 იანვრიდან ამ სახეობის თამბაქოს აქციზის გადასახადი ერთ კილოგრამზე 30 ლარი იქნება. გარდა ამისა, 1 იანვრიდან იგეგმება ნიკოტინისა და სხვა სახის სითხეებზე აქციზის შემოღება. აქციზის გადასახადი 1 მილილიტრზე 1 ლარი იქნება.
ცვლილებები ძალაში შევა პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.