საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა 27 მარტს განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებს, მათ შორის, „ლგბტი პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით“. ამ განცხადებას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ მიერ ანტი-ლგბტ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, რომელშიც, პარტიის თქმით, მკაფიოდაა გაწერილი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები“.
კომისარმა მიატოვიჩმა შეშფოთებით აღნიშნა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები „ლგბტი პირთა მიმართ იმ მავნე სტერეოტიპებს და ცრურწმენებს ასახავს, რომლებიც ჯერ კიდევ ჭარბობს ქართული საზოგადოების ნაწილში, მათ შორის ზოგიერთ პოლიტიკოსშიც, და შეუძლია ძლიერი, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ადამიანის უფლებებზე, ლგბტი პირთა და მათი უფლებების დამცველთა უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე“.
კომისარმა ასევე აღნიშნა, რომ ინიცირებული ცვლილებები წარმოადგენს „ლგბტი-ფობიის პოლიტიკურ მანიპულაციას წინასაარჩევნოდ“ და ხაზი გაუსვა, რომ ეს არ უნდა მოხდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მისი თქმით, ლგბტი ადამიანები კვლავ არიან სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისა და დისკრიმინაციის სამიზნე და არ ეძლევათ მშვიდობიანი შეკრების უფლება. მან მოუწოდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გაატაროს „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და პრაქტიკა ლგბტი ადამიანების წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმისა და დისკრიმინაციისა და ძალადობის წაქეზების მიმართ“.
„ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ პატივი სცეს ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებს, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის ლგბტი ადამიანების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველთა საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს, მტკიცედ დაგმონ ლგბტი-ფობია ან სხვა დისკრიმინაციული რიტორიკა საარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა კომისარმა.
მან სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ უფლებადამცველებს, „ვინც მუშაობენ მშვიდობიანი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის, რომელიც თანასწორობისა და ადამიანური ღირსებების ერთგულია“.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით შეშფოთება ასევე გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაზიარებულ კომენტარში, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა: „ჩვენ შეშფოთებულები ვართ ამ კანონმდებლობის პოტენციურ შინაარსთან დაკავშირებული ინფორმაციით და კონტაქტი გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. გავეცნობით ტექსტს, როდესაც ის ხელმისაწვდომი გახდება და ამის შემდეგ, ალბათ, უფრო მეტის თქმას შევძლებთ“.