საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2-ის" ყოფილი გენდირექტორის, ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებლის, აამჟამად პარტია „ახალის" ლიდერის, ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველად არ მიიღო. ამის თაობაზე სოციალურ ქსელში გვარამიამ დაწერა.
გვარამიამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც უზენაესმა სასამართლომ მისი სარჩელი დაუშვებლად მიიჩნია და ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც, თავის მხრივ, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
გვარამია 2022 წლის 16 მაისიდან პატიმრობაში იმყოფებოდა. იგი, განაჩენის გამოტანისთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო.
„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ჩემი სარჩელი. ერთმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ საქმე საერთოდ არ განიხილება და მან ისეთი ვერაფერი დაინახა საქმეში, რაც მსოფლიოს ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ დაინახა და ხმამაღლა გააპროტესტა", - დაწერა გვარამიამ.
მისი თქმით, ეს სამწუხარო ამბავია, მაგრამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ამავე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მისთვის გასაკვირი ნამდვილად არაა.
„არა უშავს, შეიცვლება ხელისუფლებაც, შეიცვლება სასამართლოც და ყველა პოლიტიკური საქმის ყველა დეტალს დაწვრილებით გავიგებთ, ჩვენც და ევროპული სასამართლოც“, - დაწერა გვარამიამ.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა" ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2"-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ. შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.
გვარამიამ ციხის დატოვებისთანავე განაცხადა, რომ აღარ იქნება „მთავარი არხის" ხელმძღვანელი. 2023 წლის სექტემბერში მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას. 2024 წლის მარტში გვარამიამ „ნაცმოძრაობის" ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიასთან ერთად ოპოზიციური პარტია „ახალი" დააფუძნა.