საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. სომხეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, ჟანა ანდერასიანთან ერთად, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ამილახვარმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის გაღრმავების კუთხით ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საუბრისას მინისტრმა ქართველოლოგიის ცენტრის გახსნის პროექტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სომეხ კოლეგას, ჟანა ანდერასიანს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ჰოვანეს ჰოვანესიანს, საქართველოსა და სომხეთის ელჩებს.
გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართველოლოგიის მიმართულებით სასწავლო-კვლევით საქმიანობასა და აკადემიური ცოდნის გავრცელებას. მინისტრის თქმით, საქართველოსა და სომხეთის საერთო ისტორიული წარსულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ქართველოლოგიური და არმენოლოგიური სამეცნიერო წრეების ერთობლივი მუშაობა და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
გახსნის ღონისძიების დასასრულს გიორგი ამილახვარმა ცენტრს საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა. ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ლიტერატურის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას. აღსანიშნავია, რომ ერევნის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის გახსნამდე გიორგი ამილახვარმა სამუშაო შეხვედრა გამართა ერევნის უნივერსიტეტის რექტორთან, ჰოვანეს ჰოვანესიანთან, რომელთანაც, ერთობლივი აკადემიური პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების გზით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიის ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი შარვაშიძემ მიიღო.
ინფორმაციას განათლების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.