ფოტორეპორტიორების საქმის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16:00 საათზე, დაიწყო. პროცესს გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ესწრებოდნენ. სხდომას მოსამართლე ზვიად ესებუა უძღვებოდა.
მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმეზე არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. შუამდგომლობის თანახმად, პროკურატურამ მოითხოვა, რომ ზურაბ ქურციკიძეს – 3 წლით, გიორგი აბდალაძესა და ირაკლი გედენიძეს – 4-4 წლით, ხოლო ნათია გედენიძეს 1,6 წლით თავისუფლების პირობითად აღკვეთა შეფარდებოდათ.
ბრალდებულებმა სასამართლოზე ჩადენილ დანაშაულში თავი დამნაშავედ კიდევ ერთხელ ცნეს, მათზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ფაქტები კი კატეგორიულად უარყვეს. მათ განაცხადეს, რომ პროკურატურის მიერ შეთავაზებულ პირობებს ეთანხმებიან და საპროცესო შეთანხმებას ყოველგვარი ზეწოლის გარეშე მოაწერეს ხელი.
შეგახსენებთ, რომ შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები – ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე („პრაიმ თაიმის“ ფოტორეპორტიორი)და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „ალია ჰოლდინგის“ ფოტორეპორტიორი) რამდენიმე კვირის წინ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.
საქინფორმი