მთავარმა პროკურატურამ 22 ივლისს განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, წინასწარ პატიმრობაში მყოფ სამივე ფოტოგრაფს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება.
საპროცესო შეთანხმების პირობების თანახმად, სამივე მათგანი განთავისუფლდება პირობითი სასჯელის შეფარდების შემდეგ.სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობის თანახმად, ბრალდების მხარემ „European Pressphoto Agency“-ს (EPA) ფოტოკორესპონდენტ ზურაბ ქურციკიძისთვის ორწლიანი პირობითი სასჯელი მოითხოვა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით.
პროკურატურამ გიორგი აბდალაძისთვის, დასავლურ მედიასააგენტოებზე მომუშავე ფოტოკორესპონდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფისთვის, სამწლიანი პირობითი სასჯელი მოითხოვა ოთხწლიანი გამოსაცდელი ვადით.
ირაკლი გედენიძე, პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი, სამწლიან პირობით სასჯელს მოიხდის ოთხწლიანი გამოსაცდელი ვადით.
გენედიძის მეუღლე, რომელიც, ასევე, დააკავეს 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით, თუმცა ორ დღეში გირაოთი გაათავისუფლეს, ექვსთვიან პირობით სასჯელს მოიხდის.
საპროცესო შეთანხმება – საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში გავრცელებული პრაქტიკა, რომელიც ხშირად უფლებადამცველების კრიტიკის საგანია – ნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვა სასამართლოზე აღარ შედგება.
თავის შუამდგომლობაში პროკურატურა აცხადებს, რომ იგი მას შემდეგ დათანხმდა საპროცესო შეთანხმებაზე, რაც ბრალდებულებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან, რომლის დროსაც საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახურს რუსული დაზვერვისთვის მომუშავე აგენტების სახელები მიაწოდეს.
„კერძოდ, ზურაბ ქურციკიძემ, გიორგი აბდალაძემ და ირაკლი გედენიძემ არა მარტო აღიარეს ჩადენილი დანაშული, არამედ ნებაყოფლობით და დროულად შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს აცნობეს რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურების ცალკეული საიდუმლო თანამშრომლის და მათთან კონფიდენციალურ კავშირზე მყოფი პირების ვინაობა, ამ სამსახურების კონკრეტული სადაზვერვო-ოპერატიული ამოცანები, ინფორმაციების მოპოვება-გადაცემის მეთოდები, ტაქტიკა და ორგანიზაცია, აგრეთვე, მონაცემები მათ საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციების თაობაზე, რაც ქმნის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისათვის მოსალოდნელი საფრთხეების გამოვლენის, აღკვეთისა და განეიტრალების შესაძლებლობას“, – ნათქვამია პროკურატის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ შუამდგომლობაში.
„მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაციების გამჟღავნების შემდეგ ვითარება შეიცვალა და ზურაბ ქურციკიძემ, გიორგი აბდალაძემ, ასევე, ირაკლი გედენიძემ და ნათელა გედენიძემ დაკარგეს საზოგადოებრივი საფრთხე“, – აცხადებს პროკურატურა.
პროკურატურამ განაცხადა, რომ გარდა ბრალდებულთა მიერ გაკეთებული აღიარებითი ჩვენებებისა, გამოძიებამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე მტკიცებულება მოიპოვა ფოტოგრაფების წინააღმდეგ.
22 ივლისს მთავარმა პროკურატურამ თავის ვებგვერდზე რამდენიმე კონფიდენციალური დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც მთელი ტექსტი გაშავებულია. პროკურატურის თქმით, ეს დოკუმენტები მან ბრალდებული ფოტოგრაფების სახლების ჩხრეკის შედეგად მოიპოვა.
პროკურატურის თქმით, კონტრდაზვერვის სამსახურმა ირაკლი გედენიძის სახლის ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინა ინფორმაცია ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ტომას ჰენდრიკ ილვესის საქართველოში ოფიციალური ვიზიტისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დამლაგებელთა და შპს „სახელმწიფო უზრუნველყოფის“ მუშების სრული სია.
პროკურატურის თქმით, ასევე, ჩხრეკის შედეგად, გიორგი აბდალაძეს აღმოაჩნდა 2011 წლის 13-14 ივნისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელდარ მამედიაროვის საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების ოფიციალური სტენოგრამული ჩანაწერები. ეს სტემოგრამები, რომელთა ძირითადი ნაწილიც გაშავებულია, პროკურატურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. პროკურატურის თქმით, აბდალაძეს, ასევე, აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქეთა სიები, რომლებიც მუშაობენ გაეროში, ეუთოსა და ევროსაბჭოში.
პროკურატურამ, ასევე, განაცხადა, რომ გედენიძისა და აბდალაძისგან ამოღებული დოკუმენტების ასლები ინახებოდა ზურაბ ქურციკიძესთანაც, რომლებიც ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. მთავარმა პროკურატურამ თავის ვებგვერდზე, ასევე, გამოაქვეყნა ის სატელეფონო ჩანაწერები, სადაც, პროკურატურის თქმით, ქურციკიძე რუსული დაზვერვის ოფიცრებს ეკონტაქტებოდა 2004 წელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, საპროცესო შეთანხმება ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა დამტკიცდეს და მოსამართლე უნდა დარწმუნდეს, რომ საპროცესო შეთანხმება ძალდატანებით არ მოხდა. მოსამართლემ, ასევე, უნდა შეისწავლოს საქმეში არსებული მტკიცებულებები. უმრავლეს შემთხვევაში მოსამართლეები საპროცესო შეთანხმებას ამტკიცებენ.
აბდალაძისა და ქურციკიძის რამდენიმე ადვოკატმა განაცხადა, რომ მათმა კლიენტებმა საკუთარი სურვილით არ მისცეს აღიარებითი ჩვენებები. მათი თქმით, ფოტორეპორტიორთა აღიარება „ფსიქოლოგიური ზეწოლის“ შედეგია.
აღსანიშნავია, რომ ფოტორეპორტიორთა საქმის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
საქინფორმი