სამართალი
რამდენი პატიმარია საქართველოს ციხეებში

 საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2024 წლის 1 თებერვლის მონაცემებით, 9.626 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 345 ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

პატიმართა საერთო რაოდენობამ მოსახლეობის 0,27% შეადგინა. საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 3,8 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.

1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში არსებული 13 საპატიმრო ადგილი 81,5%-ით იყო შევსებული. განაჩენს ელოდებოდა პატიმრების 18,1%.

მსჯავრდებულთა ძირითად ნაწილს 31-49 წლის პირები შეადგენენ. საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდის ასევე 35 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 66 პირი. მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა ქსნის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.

განაჩენს ელოდება 1,8 ათასზე მეტი პატიმარი - მათი უმრავლესობა 31-დან 49 წლამდე ასაკისაა. განაჩენს ელოდება ასევე 20 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 7 პირი.

მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის ეკონომიკური დანაშაულისთვის და ადამიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის – მკვლელობისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისთვის.

ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი რისკის 175 პატიმარია და ისინი შესაბამის საპატიმროში იმყოფებიან. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.

2024 წლის 1 თებერვლისთვის საქართველოს ციხეებში მოთავსებული იყო 54 ქვეყნის 836 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,7%-ს შეადგენს. აქედან 608 პირი სხვადასხვა დანაშაულისთვის სასჯელს უკვე იხდის.

უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი მამაკაცია, თუმცა ქართულ საპატიმროებში უცხო ქვეყნის მოქალაქე 1 არასრულწლოვანი და 78 ქალი იმყოფება. საქართველოში უცხოელთა მეოთხედი, რომლებიც ბრალდებული არიან ან სასჯელს იხდიან, თურქეთის მოქალაქეა, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის და სომხეთის მოქალაქეები.

ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

ციხეებში მყოფების გარდა, 24,6 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის. მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,2 ათასი ქალი და 126 არასრულწლოვანი.

ასევე პირობით სასჯელს იხდის 462 უცხოელი 34 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.