საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. მთავრობის განკარგულებით, რომელიც 18 მარტით თარიღდება, საპატრიარქოს 7 500 000 ლარი გამოეყო გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის.
უფრო კონკრეტულად, თანხა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოეყო. ამ უწყებამ კი ის მართლმადიდებელ ეკლესიას, მიმღები - გელათის მონასტერი, უნდა გადაურიცხოს.
განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს.
წლებია გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კომპლექსის მთავარი ტაძარი დროებითი გადახურვის ქვეშაა, თუმცა, წვიმების შემდეგ ტაძარში წყალი მაინც ჩავიდა. წყალი ჩავიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარშიც. ტაძრებში დაზიანებულია კედლის მხატვრობა, ასევე გელათის უნიკალურ ღვთისმშობლის მოზაიკა, რომელსაც ანალოგი არ აქვს.
2021 წელს ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გამოძიება აქვს დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის - მითვისება ან გაფლანგვა და კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება - მიხედვით. "საქართველოს ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაცია" ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ არ დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით, რისი მტკიცებულებებიც მათ პროკურატურას მიაწოდეს.