„როგორც მოსალოდენლი იყო, ხელისუფლებამ დაცვის მხარესთან სამართლებლივი არგუმენტებით ჭიდილი ვერ შეძლო და ისეთ აკრძალულ მეთოდს მიმართა, როგორიცაა ბრალდებულისთვის ადვოკატის აცილების განცხადების დაწერის მოთხოვნა. ხელისუფლება ფოტოგრაფების საქმეში დამარცხდა, ვინაიდან საზოგადოება ამ ადამიანების ჯაშუშობაში ვერ დაარწმუნა და სწორედ ფაქტების არარსებობის გამო დახურა მთელი საქმე მაშინ, როდესაც ამის სამართლებლივი საფუძველი არ არსებობდა. საქმის მასალები არ გააცნეს არცერთ დაკავებულ პირს. მათ დღემდე არ იციან, რა მასალები დევს საქმეში. ისინი არც დაცვის მხარეს გადაეცა.
ამასთან, სამივე დაკავებულისგან ყველა ჩვენება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით არის მიღებული. ეს ჩვენებები სამართლებლივი ღირებულების მატარებელი არ არის. დაკითხვის ოქმი კი, რომელსაც დაკითხვაში მონაწილე 4 იურისტიდან არცერთმა არ მოაწერა ხელი, იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება და მას სერიოზულად არცერთი საერთაშორისო სასამართლო არ აღიქვამს“, – განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, „აბდალაძის ადვოკატები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასა და სასამართლო განხილვის გარეშე საპროცესო შეთანხმებას მხარს არ უჭერდნენ, ამიტომაც აიძულა ხელისუფლებამ აბდალაძე, ადვოკატებისთვის აცილება მოეთხოვა და მისთვის სახაზინო ადვოკატი დაენიშნათ“.
„ხელისუფლებას ღია სასამართლო განხილვის შეეშინდა და ეს ნაბიჯი მისი მხრიდან მარცხის აღიარებაა. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად საქმეზე მონიტორინგს ვაგრძელებთ და ცხადია, რომ ეს საქმე ასეთი გადაწყვეტილებით არ დასრულდება“, – განაცხადა ბესელიამ.
საქინფორმი