აქტუალური
„ტყე შეუნახე შვილებსა“... თუ გასაჩეხი ჯერ კიდევ ბევრია

tkeენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ტყითსარგებლობის პირობებს ცვლის. ლიციენზიების ნაცვლად, ახლა ტყეებს აუქციონზე გრძელვადიანი – 49-წლიანი იჯარის პირობებით გაიტანენ. ამ ინფორმაციამ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები შეაშფოთა. მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს ამ პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

გარემოსდამცველები მოსალოდნელ საფრთხეებზე ჯერ კიდევ მაშინ საუბრობდნენ, როცა ბუნებრივი რესურსების მართვა ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა. ბუნებისდამცველები შიშობდნენ, რომ ბუნებრივი რესურსების დაცვა, ტყეების მოვლა, ეკოსისტემის შენარჩუნება ამ სამინისტროსთვის მხოლოდ რესურსებით სარგებლობად გადაიქცეოდა. სწორედ ასე აფასებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ახალ წამოწყებას, რომლის თანახმადაც, ტყით სარგებლობის ლიცენზირება გაუქმდება და აგვისტოს შუა რიცხვებში უკვე ტყეებს აუქციონზე იმ პირებს გადასცემენ 49-წლიანი იჯარით, ვინც უფრო მეტ ფულს გადაიხდის.

ახალი ინიციატივით, მოიჯარეს დაევალება ტყის მონაკვეთში სპეციალური გზის შეყვანა, რათა ადგილობრივ მოსახლეობას შეშის მოჭრისა და მისი მანქანით გამოტანის შესაძლებლობა ჰქონდეს. CENN-ის წარმომადგენლების თქმით, ეს ტყის მასივს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, რადგან ყველა იმ სატყეო ფონდის ტერიტორიამდე,სადაც გზა მიდის, ტყე, ფაქტობრივად, განადგურებულია. ტყეები დარჩენილია იმ ტერიტორიებზე, სადაც გზა არ მიდის და ამ ადგილებში ტყეების ათვისება, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ბუნებრივ კატასტროფებს.

გარემოსდამცველები სანუგეშოს ვერაფერს ხედავენ იმ პირობაშიც, რომლის თანახმადაც, ერთი მოჭრილი ხის ნაცვლად მოიჯარემ 3 ახალი ხე უნდა დარგოს. სად მოიჭრება ხე, როგორ განხორციელდება იჯარით გაცემული ტყის მასივის მონიტორინგი, უშუალოდ ტყის რომელ მონაკვეთს გაიტანენ აუქციონზე და კიდევ სხვა უამრავ შეკითხვაზე გარემოსდამცველებმა სამინისტროსგან პასუხი ვერ მიიღეს.

 

საქინფორმი