უცხოეთი
ილჰამ ალიევი - ახლა სომხეთთან მშვიდობასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ახლა სომხეთთან მშვიდობასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოს მე-11 გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის ისტორიაში მშვიდობა ასე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც დღეს. ეს არის ყარაბაღის მეორე ომის შედეგი“, – აღნიშნა ალიევმა.

ამასთან, როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, სიტყვით გამოსვლისას ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენას დადებითი შედეგები ექნება კონფლიქტების დარეგულირებისთვის.

მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცვლილებები შეიძლება ლოკალური ჩანდეს, თუმცა სინამდვილეში მათ ბევრად უფრო ფართო შედეგები აქვთ, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავარი გეოპოლიტიკური ცვლილება გახდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენა.

„ეს ნამდვილად არის ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილება, რომელსაც, როგორც მე ვფიქრობ, ექნება ბევრი დადებითი შედეგი ისეთი კონფლიქტების მოსაგვარებლად, რომლებიც მოუგვარებელი ჩანს“, – განაცხადა მან.

წელს ბაქოს გლობალური ფორუმის თემაა „დაშლილი მსოფლიოს აღდგენა“.

1tv.ge