საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. ხუთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 13 მარტს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმიც უნდა შექმნას, რაც „სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს ფაქტი უკვე აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ“. ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ე.წ. „ვეტინგის“ ინიციატივას დაუშვებლად მიიჩნევენ, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისიც კი აღნიშნა, რომ „ვეტინგის“ შემოღება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ ხელისუფლების რიტორიკას სწორედ ის პირები შეუერთდნენ და კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას სწორედ ის მოსამართლეები დაუპირისპირდნენ, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართაც საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა არსებობს. ორგანიზაციებმა მათ შორის დაასახელეს უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლეები, შალვა თადუმაძე და ვლადიმერ კაკაბაძე, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე.
არასამთავრობოები ასევე გამოეხმაურნენ უზენაესი სასამართლოს განცხადებას, რომელიც მოსამართლეთა შეზღუდული ჯგუფის კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას დაუპირისპირდა და რომელმაც განაცხადა, რომ ,,ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს და „ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას“.
განცხადებაში ნათქვამია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, რომელიც ხარვეზებით მიმდინარეობდა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ კრიტიკის საგანი გახდა. „მათ შორის, უარყოფითი შეფასებები გაკეთდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერაც, რომელიც პროცესს მონიტორინგს უშუალოდ უწევდა“, – აცხადებენ ორგანიზაციები. „გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა, ამ პროცესის ხარვეზების შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისათვისაც კარგად არის ცნობილი“.
ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას „დროულად აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა რომელიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული“.
განცხადებას ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, სასამართლოს გუშაგი, დემოკრატიის მცველები და სამოქალაქო საზოგადოების ფონდი.
27 თებერვალს, თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად დეტალური ხედვა წარმოადგინა. არასამთავრობოების თქმით, სასამართლოს რეფორმირებისთვის საჭიროა ფართო, ინკლუზიური და პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესის წარმართვა. მათი თქმით, უნდა მოხდეს კანდიდატების და სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე არჩეული პირების, მათ შორის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლებსაც ექნებათ გადამწყვეტი როლი. მათივე თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების პერმანენტული და პერიოდული შემოწმების სისტემა ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტების საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციებით.