აქტუალური
ყვარელში სიმულაციური სწავლება „დურუჯი 2024“ გაიმართება

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზებით, 14 მარტს, 14:00 საათზე ქალაქ ყვარელში სამოქალაქო უსაფრთხოების კომპლექსური სამაშველო სწავლება „დურუჯი 2024“ გაიმართება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აღნიშნული სწავლების შესახებ მოსახლეობას 112-დან გამაფრთხილებელი შეტყობინებები ეგზავნებათ.

სწავლების ფარგლებში ჩაირთვება განგაშის გამაფრთხილებელი სისტემა, განხორციელდება პრაქტიკული სამაშველო მოქმედებები, მათ შორის მოხალისეების ევაკუაცია. სამაშველო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მეხანძრე-მაშველები შესაბამისი აღჭურვილობით, ასევე, საპოლიციო დანაყოფები, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ეროვნული გვარდია, სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.