საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოფილმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მის თანამდებობაზე ახალი კანდიდატურის მოძიების წინადადებით რამდენიმე თვის წინ მიმართა.
ორშაბათს, 11 მარტს, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლად გიორგი ქაჯაია დანიშნა, ზურაბ აბაშიძე კი, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2012 წლიდან იკავებდა, მთავრობის მეთაურის მრჩეველი გახდა.
„რამდენიმე თვის წინ მივმართე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას, ვთხოვე ამ თანამდებობაზე ახალ პიროვნებაზე ეფიქრა. ლოგიკა მარტივი იყო: 2012 წლიდან 12 წელი გავიდა, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. მან დადებითად მიიღო ჩემი წინადადება“, - განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, იგი ქაჯაიას მრავალი წელია იცნობს და მას გამოცდილ, კვალიფიციურ თანამშრომლად მიიჩნევს.
„ის მუშაობდა უშიშროების საბჭოში. კარგად იცნობს ამ თემას, კვალიფიცირებული და სერიოზული ადამიანია და ვფიქრობ, ის შესაბამისად წარუძღვება ამ საქმიანობას", - განაცხადა აბაშიძემ.
რაც შეეხება ქაჯაის შემცვლელს, რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას ხელმძღვანელად მამუკა მერკვილაძე დაინიშნა.
ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად 2012 წელს დაინიშნა. მას შემდეგ იგი ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებს „აბაშიძე-კარასინის" ფორმატში აწარმოებდა.