საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ადიგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სააგენტო განცხადებაში გმობს რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის.
სააგენტო ასევე მოუწოდებს მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა არ გადავიდეს მრევლში.
„სააგენტოსთვის მიუღებელია ნებისმიერი მიზანმიმართული დესტრუქცია და გმობს რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის. სააგენტო არ მიესალმება ძალადობას და იმედოვნებს, რომ საკითხი უსწრაფესად დარეგულირდება. რელიგიისა და რწმენის თავისუფლება დაცულია საქართველოში და ამის ხმამაღლა აღიარება არაერთხელ მომხდარა საქართველოს პარტნიორი ქვეყნების რელიგიის საკითხებზე მომუშავე მაღალი რანგის პირების მიერ.
სააგენტო მხარეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და იმოქმედონ საქართველოს ინტერესების და კანონმდებლობის შესაბამისად. ამავდროულად, მოუწოდებს მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აჰყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა არ გადავიდეს მრევლში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სისტემატური კომუნიკაცია აქვს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მისი რეგიონული კოორდინატორი აქტიურად არის ჩართული აღნიშნულ საკითხში. სააგენტო მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისაგან, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და იმოქმედონ სეკულარიზმის პრინციპების შესაბამისად.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დასაწყის ეტაპზევე აქტიურად იყო ჩართული ზემოხსენებული საკითხის დარეგულირებაში და მომავალშიც მზადაა იმოქმედოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ყველა რელიგიური კონფესიის ინტერესების დასაცავად“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 8 მარტს, დაბა ადიგენში წერეთლის N18-ში მდებარე საცხოვრებელ სახლთან, სადაც რელიგიური სკოლა ფუნქციონირებს და ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა პარასკეობით ლოცულობს, დაპირისპირება მოხდა.
შენობის ეზოში ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, ნიკოლოზ გეწაძე მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მივიდა და მუსლიმებს შენობის დატოვება მოსთხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.