აქტუალური
ჯო ბაიდენი: ბენიამინ ნეთანიაჰუ უფრო აზარალებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელს უფრო ზიანს აყენებს, ვიდრე ეხმარება.

მას უფლება აქვს, დაიცვას ისრაელი, უფლება გააგრძელოს „ჰამასის“ დევნა, მაგრამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს, რომლებიც იღუპებიან განხორციელებული ქმედებების შედეგად. ჩემი აზრით, ის უფრო მეტად აზარალებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება მას“, - აღნიშნა ბაიდენმა MSNBC-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა „ეწინააღმდეგება იმას, რასაც ისრაელი ამტკიცებს და ვფიქრობ, რომ ეს დიდი შეცდომაა”.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ისრაელის პოტენციური შეჭრა ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში მისთვის „წითელი ხაზია“, მაგრამ არ შეწყვეტს ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას, როგორიცაა რაკეტების „ჩამჭრელები“, რომელსაც ისრაელის თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათი“ იყენებს.

ეს არის წითელი ხაზი, მაგრამ მე არასოდეს ვაპირებ ისრაელის მიტოვებას. ისრაელის დაცვა ჯერ კიდევ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამიტომ არ არსებობს წითელი ხაზი, რომლითაც შევწყვეტ ყველა იარაღის მიწოდებას ისე, რომ მათ არ ჰქონდეთ „რკინის გუმბათი“ თავის დასაცავად“, - აღნიშნა ბაიდენმა.