საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. გლობალური ტერორიზმის ინდექსით, საქართველო მსოფლიოში მოწინავე ქვეყნებს შორის მოხვდა. ანგარიშს, რომელშიც 2023 წელია შეფასებული, საერთაშორისო ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი“ (IEP) აქვეყნებს.
გლობალური ტერორიზმის 2024 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო ტერორიზმის ნულოვანი დონის მქონე ქვეყნებს შორისაა. საქართველო ამ მაჩვენებლით დაახლოებით 50 სხვა ქვეყანასთან ერთად საუკეთესო, ანუ ბოლო – 89-ე ადგილს იკავებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლობალური ტერორიზმის საფრთხეების მხრივ საქართველოს მდგომარეობა 2013-2023 წლებში 2.629 ქულით არის გაუმჯობესებული. 2012 წლის ანგარიშით, საქართველო რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებდა.
„ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მკვლევრები გლობალური ტერორიზმის ინდექსის შედგენისას ისეთი ფაქტორებით ხელმძღვანელობენ, როგორებიცაა ტერორისტული ინციდენტების, მსხვერპლის, დაშავებულებისა და მძევლების რაოდენობა.
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2023 წელს ტერორიზმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში 22 პროცენტით არის გაზრდილი და 8 352-ს შეადგენს, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის შემდეგ. თუმცა, მსხვერპლთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ტერორისტული ინციდენტების რაოდენობა მსოფლიოში შემცირებულია. თავდასხმების რაოდენობა შემცირებულია 22 პროცენტით. მსოფლიოში გასულ წელს ყველაზე ბევრი ტერორისტული ინციდენტი პაკისტანში მოხდა, სადაც 490 თავდასხმაა აღრიცხული. 2023 წლის ყველაზე მასშტაბურ ტერორისტულ თავდასხმად ისრაელზე „ჰამასის“ მებრძოლების მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმა სახელდება, რომელსაც 1 200 ადამიანი ემსხვერპლა.