საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. სააკაშვილი ნავალნი არ არის. ის ციხეშია იმ ქმედებების გამო, რაც პრეზიდენტობის დროს ჩაიდინა და არა როგორც პოლიტიკური ოპონენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, უნდა იყოს თუ არა ის ისევ ციხეში მიხეილ სააკაშვილი.
„ჩემი განსასჯელი არ არის, ეს არის მოსამართლეების, ქართველი მოსახლეობის განსასჯელი, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი თვლის, რომ როდესაც ის საქართველოს პრეზიდენტი იყო, მან უფლებამოსილებას გადააჭარბა მრავალი თვალსაზრისით და ამიტომ არის დღეს ციხეში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ასევე, მან ხაზი გაუსვა, რომ შეწყალების უფლება არის მისი მორალური უფლება და წინასწარ ამის შესახებ არავისთან საუბრობს.
კითხვაზე, ეთანხმება თუ არა იმას, რომ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი საქართველოს დემოკრატიაზე უარყოფითად იმოქმედებს, პრეზიდენტმა უპასუხა :
„არ ვფიქრობ, რომ ის ციხეში მოკვდება, ყოველდღიური კონტაქტი მქონდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსგავსი არაფერი მომხდარიყო. ამასთან, არსებობს სხვა გზები, მთავრობა არის პირდაპირ პასუხისმგებელი, იუსტიციის მინისტრი. ექსტრადიციის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს“, - დასძინა პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ პოლონეთმა და უკრაინამ გამოთქვეს მზადყოფნა მის წაყვანაზე და შესაძლოა, თუ არა ეს მოხდეს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პასუხა, რომ „შესაძლოა“.