სამართალი
ლევან ხაბეიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი

 საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. ათასობით ჩვენი თანამოქალაქე დგას რიგში, რათა ხელი მოაწეროს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას, სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ათასობით თანამოქალაქე ითხოვს სააკაშვილის თავისუფლებას.

„ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, საარჩევნოდ უზრუნველყოფილი იყოს მინიმალურად ობიექტური, სამართლიანი გარემო, რაც ნიშნავს, რომ მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი უნდა იყოს თავისუფალი. იმისთვის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს თავისუფალი, სალომე ზურაბიშვილმა რომ მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება, ვაგროვებთ 100 000-ზე მეტ ხელმოწერას და ხედავთ, რომ, ფაქტობრივად, რიგები დგას, სადაც ადამიანები ხელს აწერენ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას. მე დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს გაჭირვებაზე, ივანიშვილზე და პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება თავისუფალი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.