აქტუალური
ნიკოლოზ სამხარაძე: ვართ სუვერენული სახელმწიფო და შეგვიძლია, დავნიშნოთ მინისტრები, პროკურორები, მოსამართლეები

 საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. სასამართლოში ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღებაზე, პირველ რიგში, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური, არ არის თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე საქართველოს მართლმსაჯულებაში არ არის ისეთი მდგომარეობა, რომ ჩვენ გვჭირდებოდეს უცხოელი ექსპერტების მიერ ადამიანების და მათი კეთილსინდისიერების შეფასება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

სამხარაძის თქმით, გაუგებარია, როგორ უნდა შეაფასო ადამიანის კეთილსინდისიერება გასაუბრებით.

ცოტა გაუგებარიც კი არის, როგორ უნდა შეაფასო ადამიანის კეთილსინდისიერება გასაუბრებით, მით უმეტეს, უცხოელების მხრიდან, რომლებიც საერთოდ არ იცნობენ საქართველოს კონტექსტს, თავი რომ დავანებოთ არაკონსტიტუციურობას; მესამე – ეს არის ერთგვარად იმის აღიარება, რომ შენ არ ხარ სრულფასოვანი სახელმწიფო, რადგან შენ თვითონ ვერ აგვარებ საკითხებს და გინდა, რომ უცხოეთიდან ჩამოვიდნენ კონსულტანტები, მათ დაგინიშნონ მოსამართლეები, პროკურორები, მალე შეიძლება, მინისტრების დანიშვნაც მოსთხოვონ უცხოელებს. ეს არის ერთგვარი არასრულფასოვნების კომპლექსის გამოვლენა, რაშიც ჩვენ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვართ სუვერენული სახელმწიფო და შეგვიძლია, ჩვენ თვითონვე დავნიშნოთ მინისტრები, პროკურორები, მოსამართლეები, გამომძიებლები და ყველა, რადგან ქართულ საზოგადოებას შესწევს ამის უნარი“, – განაცხადა სამხარაძემ.