საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
ჯონ კირბიმ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტებმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვეს შეკითხვა.
კირბის განცხადებით, ერთადერთი ამერიკელი სამხედრო პერსონალი, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება, არის საელჩოს თავდაცვის ატაშეს ოფისის ნაწილი.
ცნობისთვის, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობის გამორიცხვა შეუძლებელია. მოგვიანებით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განმარტა, რომ „საფრანგეთს შეუძლია ჯარების გაგზავნა უკრაინაში კონკრეტული საჭიროებისთვის, მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად“.
მაკრონის განცხადებას გამოეხმაურნენ კრემლშიც და აღნიშნეს, რომ ასეთი ნაბიჯი ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირ კონფლიქტს „გარდაუვალად“ აქცევს.
1tv.ge