საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციამ, რომელიც საქართველოს 19-25 თებერვალს, 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ სტუმრობდა, 25 თებერვალს შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა.
NDI-ის თქმით, დელეგაცია მიზნად ისახავდა „საპარლამენტო არჩევნებისთვის ქვეყანაში არსებული ზოგადი პოლიტიკური გარემოს მიუკერძოებელ და ზუსტ შეფასებას, მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესების მიმოხილვას, აგრეთვე უფრო ინკლუზიური, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საარჩევნო პროცესების ხელშესაწყობად რეკომენდაციების შემუშავებას“. ორგანიზაციის თქმით, მიუხედავად ამ დადებითი ასპექტებისა, რჩება გარკვეული გამოწვევები, რომელთა “უგულებელყოფამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საარჩევნო პროცესების სანდოობას”.
ორგანიზაციამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების, ასვეე გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა პირობის შესრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამ კონტექსტში, NDI-მ აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე აშშ-ის და სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს არჩევნები „განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი იქნება“.
პოზიტიურ ტენდენციებს შორის, NDI-მ დაასახელა „მოსახლეობის მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ურყევი მხარდაჭერა; საზოგადოების დადებითი განწყობა პოლიციის მიმართ და მოსახლეობის აღქმით წვრილმანი კორუფციის მნიშვნელოვნად შემცირებული დონე; გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით სამთავრობო დადგენილებების გასაჯაროების პრაქტიკის განახლება; არჩევნების დღის პროცესების გაუმჯობესების მიზნით ინოვაციების დანერგვა“.
კერძოდ, NDI-მ ხაზი გაუსვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს, მათ შორის არჩევნების დღეს ტექნოლოგიების გამოყენებას ეფექტურობისა და დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობის გაზრდის მიზნით, რათა მაქსიმალურად გაზარდოს რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა თითოეულ უბანზე.
NDI მიესალმა ყველა პოლიტიკური პარტიის განზრახვას, რომ აწარმოონ საკითხებზე ორიენტირებული კამპანიები. ის ასევე მიესალმე სამოქალაქო საზოგადოებისა და აზრთა ფართო სპექტრის წარმომადგენელი მედიის არსებობას.
NDI-მ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და მათ შორის დაასახელა „პოლარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების) წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი თავდასხმები, პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით ადმინისტრაციული რესურსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების შესახებარსებული ეჭვები და ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებული კითხვები“.
ორგანიზაციის თქმით, „ფართოდ გავრცელებულია მოსაზრება იმის შესახებ, რომ პოლიტიკური პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს კონკრეტულ პოლიტიკურ პერსონალიებზე დაფუძნებული პოლარიზაცია ახასიათებთ, შედეგად ახალი პოლიტიკური ალტერნატივის მიმღებლობა ძალზე დაბალია“. NDI-მ აღნიშნა, რომ „იკვეთება პოლიტიკური აქტორების თვითრეფლექსიისა და სამომავლო ხედვების ჩამოყალიბების საჭიროება. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე დისკუსიის ნაცვლად, პოლიტიკაში ჩართული მხარეების ყურადღება ოპონენტების წარსულ შეცდომებზე ფოკუსირდება“.
ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ „განსაკუთრებით შემაშფოთებელია“ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მათ შორის მიუკერძოებელ სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე სიტყვიერი თავდასხმები. „შემაშფოთებელია, ასევე, ქალ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო ლიდერებზე მიმართული გენდერული ნიშნით მოტივირებული თავდასხმები. ეს უკიდურესად დამაზიანებელია და აფერხებს ქალთა მონაწილეობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც ზიანს აყენებს დემოკრატიის წარმომადგენლობითობას“. ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა უმცირესობების ჯგუფების უკეთ ინფორმირება არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.
NDI-მ გამოავლინა პოტენციური რისკები, მათ შორის წუხილები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ადმინისტრაციული რესურსი საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნულ მოლოდინს ამძაფრებს საქართველოს პროკურატურაში წარსულში წარდგენილი ბრალდებების ირგვლივ კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის ნაკლებობა და არჩევნებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლის ირგვლივ არსებული ბუნდოვანება.
ორგანიზაციის თქმით, ძირითადი სამაუწყებლო მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკა პარტიულ ინტერესებს ასახავს, რის გამოც სამაუწყებლო სივრცე პარტიებს შორის შინაარსიანი დისკუსიებისთვის შეზღუდულია. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააჩნია ტექნიკური კომპეტენცია, ცესკოს მიმართ საზოგადოების ნდობას აზიანებს მისი შემადგენლობისა და კომისიის წევრების არჩევის შესახებ კონსენსუსის ნაკლებობა. საქართველოს მოსახლეობა არჩევნების დღეს ტექნოლოგიების გამოყენებას მიესალმება, თუმცა ახალ ტექნოლოგიებზე ინფორმაციის ნაკლებობა და ხმის ფარულობის დარღვევის შესახებ გამოთქმული ეჭვები გარკვეულ კითხვებს ბადებს, ნათქვამია ანგარიშში. ამასთანავე, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და საარჩევნო ბლოკების აკრძალვა „პლურალიზმის შემცირებისა და, შედეგად, ნაკლებად წარმომადგენლობითი პარლამენტის მიღების რისკებს შეიცავს“.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, დელეგაცია ჩართულ მხარეებს შემდეგ პრიორიტეტულ სამოქმედო მიმართულებებს სთავაზობს:
პოლიტიკურ პოლარიზაციასთან საბრძოლველად, საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ აღიაროს, რომ დემოკრატიული არჩევნების არსი განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა პატივისცემაა. ამასთანავე, შეწყდეს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიმართ მტრული რიტორიკა და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობები;
საარჩევნო პროცესებში ჩართულმა ყველა მხარემ, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურებმა, დაგმონ ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი თავდასხმები, რათა არჩევნებში ყველა მოქალაქის თავისუფალი მონაწილეობა უზრუნველყონ;
საარჩევნო პროცესებში ჩართულმა მხარეებმა საჯაროდ აღიარონ, რომ სამოქალაქო სადამკვირვებლო ორგანიზაციები სანდო საარჩევნო პროცესებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და მათ მიერ მომზადებული ანგარიშები არჩევნების სანდოობის ხელშეწყობას ემსახურება;
პოლიტიკურმა პარტიებმა, ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ ჟურნალისტების და ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილის ენის გამოყენებისგან ან გაშუქებისგან და ქალ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე მიზოგინიური თავდასხმებისგან;
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს მისი როლის გამჭვირვალობა; აგრეთვე, კენჭისყრის ფარულობისადმი ნდობის გაძლიერების მიზნით, უპასუხოს სამინისტროს საქმიანობის ირგვლივ არსებულ ეჭვებს;
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და კერძო მედია საშუალებებმა საკუთარ პროგრამებში ჩართონ პოლიტიკური პარტიების მრავალფეროვანი სპექტრი. ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს, რომ ჩაერთვებიან როგორც თანამოაზრე, ისე განსხვავებული პოზიციების მქონე მედიის გადაცემებში;
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გააძლიეროს კენჭისყრის ფარულობის შესახებ ეჭვების დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა; იმუშაოს ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ამომრჩეველთა ინფორმირების გზით, დაარწმუნოს მოსახლეობა, მათ შორის ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფები, რომ მათი ხმის ფარულობა დაცულია;
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განიხილოს არჩევნების ტექნოლოგიების ეროვნული მასშტაბის ტესტირება, რომელიც გაიმართება არჩევნების დღისთვის დამახასიათებელ პირობებში, რათა კიდევ უფრო გაზარდოს საზოგადოების ნდობა;
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობა;
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმართოს საზღვარგარეთ უბნების შექმნის უფრო გამჭვირვალე პროცესი და, სადაც შესაძლებელია, უზრუნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პასიური საარჩევნო უფლების რეალიზება.
საქართველოში ვიზიტისას NDI-ის წინასაარჩევნო შეფასების მისიის წევრები საქართველოს ოფიციალურ პირებს, ცესკოს წარმომადგენლებს, მმართველი და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებას, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიის და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.