პატივცემულო მკითხველო, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩემმა კოლეგამ – ქალბატონმა ნელი ვარდიაშვილმა – თავის ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში „ლეიბორისტების“ ბათუმელი ლიდერის – დავით რობაქიძის პირით გაახმაურა ის ამბავი, რომ სტინგის კონცერტიდან მეორე დღეს ნაქეიფარმა, დრონატარებმა და ნაკუნტრუშებმა „ნაცელიტამ“, მიხეილ სააკაშვილის თამადობით, „პახმელიაზე“ გამოსვლა უშველებელ და გაკრიალებულ აუზში დგაფუნითა და ნებივრობით გადაწყვიტა, მაგრამ იმ აუზში რა მოხდა და ერთსა და იმავე დღეს ასე ასტრონომიული სიზუსტით რატომ დაემთხვა ერთმანეთს ფოტორეპორტიორების დაპატიმრება, საავადმყოფოში ვერა ქობალიას სასწრაფოდ გაქანება, ნათია ბანძელაძის ტვინის შერყევა და გიორგი ბარამიძის ფეხის მოტეხვა, ჩვენთვის უცნობი დარჩა!..
ის, რომ ფოტორეპორტიორები, შესაძლოა, მართლაც ირაკლი გედენიძის მიერ გადაღებული იმ ფოტოების გამო იტანჯებოდნენ ციხეში, რომელზეც 26 მაისის ავბედითი ღამის კადრებია გამოსახული, სიმართლესთან ძალიან ახლოს დგას, მაგრამ ვინც მიშას სულსწრაფობის ამბავი იცის, ალბათ, დამეთანხმება, რომ თუ არა სხვა დამატებითი მიზეზი, სააკაშვილი თვენახევარზე მეტს არ დაიცდიდა და ირაკლი გედენიძეს, გიორგი აბდალაძესა და ზურაბ ქურციკიძეს 26 მაისს „პარადზევე“ დააპატიმრებდა. როგორც ჩანს, სააკაშვილი ფოტორეპორტიორების თუ რომელიმე ფოტორეპორტიორის გადაღებულმა სხვა, პიკანტურმა კადრებმა უფრო შეაშფოთა.
მაინც, რა მოხდა ბათუმში ისეთი, რომ ვინც კი იმ ავადსახსენებელ აუზში ჩავიდა, ზოგი ტვინის შერყევის დიაგნოზით გამოაქანეს თბილისისკენ, ზოგი – „კასტილებით“ დაფეხუცობს, თურმე, მთავრობის სხდომებზე, ხოლო ზოგი საავადმყოფოში ისე საგულდაგულოდ გადამალეს, ეგონათ, გადავრჩით, ამას ეშმაკიც ვერ მიაგნებსო, მაგრამ მიშას „გესტაპოს“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა...
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, როგორც სანდო წყარომ ინფორმაცია მოგვაწოდა, სტინგის კონცერტის დამთავრების შემდეგ, მეორე დღეს, ბათუმურ აუზში დიდი ამბები დატრიალებულა. კერძოდ, სააკაშვილს დაცვა დაუთხოვია და ჯერ კარგა გვარიანად უსვამს და უჭამია აუზში, – „პახმელიაზე“ გამოსულა, მაგრამ ნათქვამია – გადაჭარბებული არაფერი ვარგაო, და მიხეილ-ფაშასაც სიმთვრალე შეუბრუნებია... აუზიდან ხალხი ნელა-ნელა, სულ „იავნანო-ვარდოვნანოს“ ძახილით გაკრეფილა, არიქა, ჩვენს მამა-მარჩენალს ნეტარება არ დავურღვიოთო... ერთი სიტყვით, ასე დარჩენილან მიშა და ერთი მომღერალი გოგონა აუზში მარტო, მაგრამ ეს რომელი მომღერალი გოგონა ყოფილა, იცით? ის კი არა, რომელთან ერთადაც სულ ცოტა ხნის წინათ სააკაშვილი ყვარლის ტყეში ოთხი საათის განმავლობაში მარტოდმარტო იყო გაუჩინარებული და დაკარგულებს ვანო მერაბიშვილის მთელი საძაღლეთი ეძებდა, არამედ – სხვა მომღერალი...
მიშაც და გოგონაც გასაბერ ლეიბებზე ყოფილან წამოწოლილნი და აჭარის კაშკაშა მზეს ხატაურა კატებივით ეფიცხებოდნენ, თურმე. სააკაშვილს გოგონასკენ ხელი წაუწევია, – აქაოდა, აქ მოდი, უნდა „გაგსინჯო“, სი ბემოლს თუ აწევო!.. ერთი სიტყვით, ნაქეიფარმა და უკვე შექეიფიანებულმა მიშამ გოგონას აუზშივე დაუპირა „მიტყვარჩელება“, რასაც, თურმე, ქალის საშინელი რეაქცია მოჰყვა, – რას მიშვრები, შენობაში უამრავი ადამიანია, ყველას შეუძლია დაგვინახოს, ასე რატომ მამცირებ და თავს რატომ მჭრი, სხვაგან უარი როდის მითქვამს, მაგრამ აქ ვერ დაგნებდებიო!..
„ხეამდგარი“ და თვალდამდგარი მიხო-ფაშა ამაზე თურმე ჭრელი ნიფხვიდან ამომხტარა, – უარის თქმას როგორ მიბედავო?! ამის თქმა და მომღერალ გოგონაზე დატაკება სააკაშვილს თურმე ერთი უქნია. გოგონა საცურაო ლეიბიდან გადმოვარდნილა და კივილ-წივილი აუტეხავს, – აქეთ მიშა იგინებოდა, იქით ქალი წიკვინებდა. ამ ხმაურსა და დავიდარაბაზე შენობიდან პირველები გამოვარდნილან და მომღერალი გოგონას მიშველებას ცდილან ვერონიკა ქობალია და მიხო-ფაშას პრესსამსახურის თანამშრომელი, ქალბატონი ნათია ბანძელაძე. მოკლედ, აუზში ატეხილა „გამიშვი“ და „გაგიშობ!..“ წივილის, კივილისა და ბღავილის ხმაზე სააკაშვილის დაცვა ელვის უსწრაფესად ადგილზე გაჩენილა, თურმე, მოჩხუბრები ერთმანეთისგან ძლივს დაუშორებიათ; ქალბატონ ბანძელაძეს იმ ორომტრიალში აუზის კიდეზე კაფელზე მიურტყამს თავი, ხოლო ვერონიკა ქობალია უშუალოდ მიშას მსხვერპლი შექნილა და ვერას ფაშას ხელი რამდენჯერმე მთელი ძალით მოხვედრია... უბედურმა ვერამ კინაღამ აუზში დაღაფა თურმე სული...
მთელ ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო იცით, რა არის? – გიორგი ბარამიძეს რა მომენტში და რომელ შეტაკებაში ვინ მოტეხა ფეხი?..
ახლა კი ყველაზე მთავარი, – წყარომ რამდენჯერმე დაბეჯითებით გაგვიმეორა, რომ ბათუმის აუზში ატეხილი უბედურება და აყალმაყალი ფოტორეპორტიორის კამერამ დეტალურად აღნუსხა და დააფიქსირა!.. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ძალიან ადვილად შეიძლება იმის ახსნა, რატომ დააპატიმრეს ფოტორეპორტიორები სწორედ იმ დღეს, როცა ბათუმიდან ლამის ნახევარი მთავრობა ნაცემ-ნაბეგვი, ფეხმოტეხილი და ტვინშერყეული თბილისისკენ გამოაქანეს!..
რუსის „ბარაბანს“ არ მოხვედრია იმდენი, რასაც თქვენ მიხო-ფაშა გცემთ, თქვე უბედურებო!..
თქვენ უფრო მეტსაც აიტანთ, რადგან ნამდვილი „ამტანები“ ხართ...
თქვენს გაძლებას გაუმარჯოს!..
დიტო ჩუბინიძე
გაზეთი „კვირის ქრონიკა“
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/38997-ra-mokhda-stingis-koncertis-shemdeg-bathumis-auzshi.html