სამართალი
რობინ დანიგანი: იმედი მაქვს, მომდევნო წლებში საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ვისაუბრე ევროკავშირის კანდიდატობაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

დანიგანის თქმით, იმედი აქვს, რომ მომდევნო წლებში საქართველოს ევროკავშირის წევრად იხილავენ.

ამასთან, როგორ რობინ დანიგანმა აღნიშნა, კმაყოფილია, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის რანგში ვიზიტით პირველად ბრიუსელს ეწვია.

„საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ძალიან მტკიცეა სხვადასხვა სფეროში – უსაფრთხოების სექტორში, განათლების სფეროში, ჯანდაცვაში, ადამიანებს შორის კავშირები მტკიცეა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს მხარდაჭერა იმ გარდაქმნების პერიოდში, როდესაც საქართველო ხდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ გვსურს, საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ერთ-ერთი პირველი, რაც საქართველოში ჩამოსვლისას გავაკეთე, იყო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ვისაუბრე ევროკავშირის კანდიდატობაზე. ძალზე კმაყოფილი ვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველად ბრიუსელს ეწვია. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში ჩვენ საქართველოს ვიხილავთ ევროკავშირის წევრად“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ბრიუსელში ირაკლი კობახიძის ვიზიტი 20 თებერვალს დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან. ირაკლი კობახიძე ბრიუსელში რობერტა მეცოლას და იენს სტოლტენბერგს შეხვდა.