პუბლიკაციები
ანზორ მელია: „არ არსებობს ჩემთვის განსხვავება, როცა ავადმყოფს უჭირს – გნებავთ, სომეხს, აზერბაიჯანელს, რუსს თუ ქართველს – ვდგავარ ხატების წინ და ვავედრებ მათ გადარჩენას!“
Meliaaსაინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ სტუმარია ქართველი ინტელიგენციის ჭეშმარიტი წარმომადგენელი, ცნობილი ექიმი და დიდი გულის ადამიანი, რომელსაც საქართველოში განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება – კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ანზორ მელია. „რუსეთს ჰყავს როშალი, საქართველოს – მელია!“ არავის ახსოვს, რომელი ცნობილი პიროვნების სიტყვებია, თუმცა მისი ავტორი ცამდე მართალია: ანზორ მელია ყველასგან დაფასებულია – ეროვნების, თანამდებობისა და პარტიული კუთვნილების მიუხედავად. ალბათ, იმიტომაც, რომ ისიც ყველას ეხმარება...

– ბატონო ანზორ, რამ განაპირობა თქვენი კლინიკის დაარსება?

– კარდიოლოგიური კლინიკა დაარსდა 1996 წლის პირველ აპრილს. უკვე 15 წელი შეგვისრულდა. კლინიკა „გული“ არ აღმოცენებულა ცარიელ ადგილას და ეს არ იყო მხოლოდ ბიზნესგეგმა. 1996 წელს 27 ექიმი დავრჩით სამსახურის გარეშე. საბაზრო ეკონომიკამ მოგვისწრო. სახელმწიფო არ აფინანსებდა მწვავე ინფარქტებს. ჩვენ კი კარდიოლოგიური განყოფილება გვქონდა. ავადმყოფი მიდიოდა იქ, სადაც დაფინანსება იყო. ქრონიკულ შემთხევებსაც აფორმებდნენ როგორც მწვავეს. ამიტომ იძულებულნი გავხდით, 14 პალატიდან იჯარით აგვეღო ოთხი პალატა და ამით გადაგვერჩინა ჩვენი თავიც და ბევრი პაციენტიც. ამას მოჰყვა ბევრი სასამართლო პროცესი, ვინაიდან ჩვენი ინსტიტუტის ბაზაზე მყოფი ერთი ინსტიტუტის კათედრის პროფესორები თვლიდნენ, რომ მათ უფლება ჰქონდათ საკუთრებაზე, თუმცა საბოლოოდ სიმართლემ გაიმარჯვა და 13 სასამართლო პროცესის შემდეგ, იჯარის ნაცვლად, ეს რვაასი კვ მ საკუთებაში ავიღეთ. დასაწყისში კარდიოლოგიური აპრატის გარდა არაფერი გვქონდა. დღეს კი უახლესი ტექნიკით ვართ შეიარაღებული. აღსანიშნავი ის იყო, რომ ექოსკოპიის აპარატიც კი არ ვგქონდა და ავადმყოფები კლინიკაში ჩემი მანქანით მიგვყავდა; მერე უკანვე მომყავდა. თუმცა ამბულატორიულებს რომ ვაგზავნიდი, ნახევარზე მეტი ავადმყოფი აღარ მიბრუნდებოდა. სესხსაც არავინ მაძლევდა. ბოლოს გამოჩნდა „თბილუნივერსალ ბანკი“, რომელმაც დიდი შესწავლის შემდეგ 26%-ად მომცა სესხი. თანხა ორ წელიწადში დავფარე და საუკეთესო მსესხებლის წოდებაც დავიმსახურე. ამ თხუთმეტი წლის თავზე სწორედ მათ მოუხდათ კლინიკის დატოვება, ვინც გვედავებოდა. ახლა ყველაფერი გვაქვს და საოცარი ის არის, რომ ის კლინიკა, რომელიც გაიყიდა, სწორედ მე ვიყიდე.

– ალბათ, ამას ჰქვია – სამართალმა პური ჭამაო...

– ნამდვილად ასეა და თუ კლინიკაში საქმიანობა დასაწყისში 27-მა თანამშრომელმა დავიწყეთ, დღეს მათი რაოდენობა 120-მდე გაიზარდა.ზუგდიდშიც გავხსენი კლინიკის ფილიალი და ვარემონტებ.

– როცა გაჭირვებისა და უმუშევრობის პირობებში 120 კაცს ამუშავებთ, ამით გულით ავადმყოფებსაც უნარჩუნებთ სიცოცხლეს და თქვენ, ფაქტობრივად, ადამიანებს სამსახურის ქონის და ოჯახებით ფიზიკურად გადარჩენის შესაძლებლობას აძლევთ. ეს დღეს ძალიან ბევრს ნიშნავს...

– წინათ მეკითხებოდნენ – სახელმწიფო გიშლის ხელსო? ვამბობდი – არა, პირიქით, მეხმარებიან იმით, რომ ხელს არ მიშლიან-მეთქი. 

– თქვენ შემთხვევაში, გარკვეულწილად, ხელის არშეშლა მოხმარებაა?

– თავისთავად, მაგრამ ახლა, როგორც ირკვევა, საავადმყოფოების რეფერალური პროგრამების მიხედვით, საავადმყოფო გახსნეს საავიაციო ქარხანაში (ტერიტორიაზე , – ბ.ა.) და დავალება აქვთ, რომ ყველა ავადმყოფი იქ უნდა წაიყვანონ. ამხელა ინვესტიციებია ჩადებული. ბანკშია მთელი ჩემი ქონება და, აბა, რა გითხრათ...

– რამდენადაც ვიცი, თქვენს მკურნალობასა და დიაგნოსტიკას ბევრი ემადლიერება. მარტო მამაჩემისთვის სწორი დიაგნოზის დასმაც პირადად თქვენი დამსახურებაა. მსმენია და, ალბათ ,თქვენც, რომ საავადმყოფოები უნდა გაუქმდეს და მხოლოდ „წითელი ჯვარი“ იარსებებს, ანუ საჭიროების შემთხვევაში გამოიძახებენ მას. ამასობაში კი, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის გამო, ადამიანი შესაძლოა, დაიღუპოს. მედიცინის თვალსაზრისით, რამდენად სწორია ასეთი მიდგომა?

– არ მესმის, ახალ ველოსიპედს რატომ ეძებენ და იგონებენ? მე ვერ ვიტყვი სხვაზე, მაგრამ კარდიოლოგიური სამსახური არაფრით ჩამოუვარდება წამყვანი უცხოური კლინიკების მომსახურებას. საქართველოში ასეთი ექვსი ძლიერი ცენტრია. თანაც, ქართველები ნიჭიერნი ვართ მედიცინაში. თითქოს ჩვენი ჰობია. ეს გენეტიკურად მოგვდგამს. გნებავთ – მოსკოვში, გნებავთ – საზღვარგარეთ, ნახეთ, ვინ არიან წამყვანი სპეციალისტები – ლეო ბოკერია, დავით იოსელიანი... კიდევ ათასობით ნიჭიერი ქართველი მედიკოსია. რატომ უნდათ იმის დანგრევა, რაც უკვე არსებობს? არ შეგვიშალონ ხელი და ჩვენ თვითონ განვვითარდებით. როგორც არ გვიშლიდნენ დღემდე ხელს, ახლაც ასე გააგრძელონ. მაშინ რატომ ყიდდნენ ამას და რატომ შეგვატანინეს განცხადება?

– იქნებ თქვენს კლინიკასთან მიმართებაში საქმის კურსში არ არიან?

– ჯერ ჩვენთვის ეს არ არის ცნობილი. ახლა კარდიოქირურგიის მშენებლობა დავიწყე და შევაჩერე. ჯერ დავაკვირდები. ამხელა რემონტი წამოვიწყე. თუ გზას გადამიკეტავენ და სასწრაფო ავადმყოფს არ მომაყვანინებენ ტერიტორიული პრინციპით, სწორი არ იქნება. საუბარი ქრონიკულ ქოლეცისტიტზე ან რაიმე ქრონიკულ დაავადებაზე ხომ არ არის? საქმე ეხება მწვავეინფარქტიან ავადმყოფებს, ყოველი წუთი სასწორზე რომ დევს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, პირველივე წამებიდან როგორ დახმარებას გაუწევ ავადმყოფს სასწრაფოს მოსვლამდე; თუ ტკივილის დაწყებიდან პირველ ექვს საათში სასწრაფო დახმარება მიიყვანს ისეთ კლინიკაში, როგორიც ჩვენია, ინფარქტს რომ თავი დავანებოთ, კაცს სიცოცხლეს ვუნარჩუნებთ. რაც მთავარია, ინვალიდობას ავარიდებთ. ჩვენი ხანდაზმულები პენსიებს, დახმარებებს რომ იღებენ დაფლეთილი გულით, ხომ ტვირთად აწვება სახელმწიფოს? როგორ შეიძლება გულის მწავავე ტკივილით ავადმყოფი ელოდოს ვიღაც ჯგუფის ჩამოსვლას, როდესაც ამის აღმოფხვრის შესაძლებლობა თავად გვაქვს?! 

– ადამიანებიც ტვირთად ხომ არ აწვება სახელმწიფოს?

– ამის თაობაზე ვერაფერს გეტყვით. როგორც ვიცი, სადაზღვევო კომპანიების, სასწრაფო დახმარების ექიმთა შეკრება იყო. დავალება აქვთ – მხოლოდ რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანონ პაციენტი. რეფერალურ საავადმყოფოში კი კარდიოლოგი არ არის. მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინათ გადმომიყვანეს ავადმყოფი, რომელიც ნახევარ საათში დაიღუპა. ადამიანი, ფაქტობრივად, მომაკვდავი იყო. ასეთს მე უკვე ვეღარ ვუშველი. აი, ამაზეა საუბარი.

– ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ ავადმყოფის სიკვდილის მიზეზი შემდეგ ექიმთან ანგარიშსწორების საბაბიც ხდება ხოლმე. ექიმები ხართ დაცულნი?

– არა, არაფრით. „ლეჩკომბინატში“ მუშაობისას ახალგაზრდა პერსპექტიულ ექიმს ყველა პატივს მცემდა. ხელოვნების დარგის მოღვაწეები – რეზო თაბუკაშვილი, მედეა ჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, ჩემი პაციენტები გახლდნენ. რაღაც რომ აწუხებდათ, მაინც მეძახდნენ, იმიტომ, რომ ახალგაზრდასაც მენდობოდნენ. „ცისფერი მთების“ გადაღებებზე ქალბატონ სესილიას დავყვებოდი. ეშინოდა უჩემოდ სცენაზე გასვლის... იყო ნდობისა და პატივისცემის ფაქტორი. ბატონ რეზო თაბუკაშვილს მოციმციმე არითმია მოვუხსენი და ჰოლანდიაში გადაფრინდა. დაბრუნებისას უზარმაზარი თაიგულით მომადგა ცოლ-ქმარი. შემრცხვა, ეს ბუბმერაზი ადამიანები ახალგაზრდა კაცთან რომ მოვიდნენ.

დღეს უკვე პაციენტის მეშინია. ამხელა გამოცდილების მქონე ექიმი ავადმყოფს ვუყურებ, როგორც მომავალ მომჩივანს. ექიმი აბსოლუტურად დაუცველია. ახლახან მქონდა შემთხვევა – მწვავეინფარქტიან 61 წლის ავადმყოფს გავუკეთეთ კორონოგრაფია. მწვავე ინფარქტების პროგრამაშიც ჩავსვით, მაგრამ არის კარდიოქირურგიული პროგრამა, რომელსაც სტენტირება სჭირდება. ეს პროგრამა არ ითვალისწინებს წამლით დაფარული, ანუ ძვირი სტენტის ჩადგმას. ინფარქტების პროგრამაში დადგენილი ზღვარი 1800 ლარია, რასაც მე ვერ შევცვლი. მე ვალდებული ვარ, პაციენტს ოპერაციის მსვლელობისას ავუხსნა, გავაფრთხილო, რომ არის უბრალო სტენტი, რომლის დროსაც განმეორებითი შევიწროების ალბათობა 80%-ია და არის მეორე, რომლის ჩადგმისას განმეორების საფრთხზე 5-7%-ია (ანუ პროგრამით გათვალისწინებულს, განმეორებითი რისკის მხრივ, ბევრად სჯობია წამლით დაფარული, მაგრამ ბევრად ძვირი. – ბ.ა). ეს რომ არ ვუთხრა, პაციენტმა შეიძლება მიჩივლოს. მეუბნება – რაც შეიძლება ძვირიანი გამიკეთე – პრობლემა არ არის, საღამოს მოგიტანთო. ჩავუყენეთ. სამი დღის შემდეგ პრეტენზიით მოდიან. ამ დროს არაფერი გადაუხდიათ. პროგრამაში რატომ არ ჩამსვიო და – იჩივლეს. მოვიდნენ სამინისტროდან – სად წერია, რომ წამლით დაფარული სტენტის ჩაყენება არ შეიძლებაო? ავუხსენი, რომ ტარიფები განსაზღვრულია – 1800 ლარზე მეტი არ უნდა იყოს. ეს სტენტი კი 4 000 ლარი ღირს. მაჯარიმებდნენ... ამგვარი დამოკიდებულებით მიკარგავენ მუშაობის ხალისს. ასე არ შეიძლება. მე ყველასთან კარგად ვარ. ჩემთვის არ არსებობს არცერთი პარტია. ჩვენმა გამოშვებამ მოსკოვში ჩაიკოვსკის დარბაზში დავდეთ ჰიპოკრატეს ფიცი, რომელსაც დღესაც მივდევ ბოლომდე. ნებისმიერ წამალს აქვს გვერდითი მოვლენები. ავადმყოფიც ინდივიდუალურია. პაციენტს ამ შემთხვევაშიც შეუძლია მიჩივლოს – რატომ დამინიშნე ეს და არა – ის. მედიკოსების ასეთი დაუცველობისა და გაურკვევლობის ფონზე ქართველი ექიმები ვერ გაიზრდებიან. მე უფრო ვაჟები მჭირდება – მობილურები არიან. ოჯახიდან ქალთან შედარებით, მეტად თავისუფლები არიან, მაგრამ ჩვენს სფეროში ჭირს მათი მოძებნა. არ არიან!

– სამედიცინო განათლების მხრივ რა პრობლემებია?

ამ მხრივ ხინჯი არ მაქვს. მეც ვამზადებ რეზიდენტებს და ვიცი. ორი ინსტიტუტის ბაზაზე მეც ვარ და ისინი საკმაოდ ძლიერი სტუდენტები არიან.

– ბატონო ანზორ, ამხელა გამოცდილების მქონეს, მომავალი ექიმების ასეთ ბაზას რომ ქმნით, ხელისგულზე უნდა გატარებდნენ და ყველა პირობას გიქმნიდნენ. კარდიოლოგი, უფრო სწორად, კარდიოქირურგი, გულის მიხედვით თუ განსაზღვრავს, როგორია ესა თუ ის პიროვნება – ცუდია, თუ კარგი?

– არა, გულის მიხედვით ამას ვერ იტყვი. ჩვენ უფრო ფსიქოლოგები ვართ და ერთი შეხედვით ვატყობთ, როგორ უნდა დაველაპარაკოთ ამა თუ იმ პაციენტს. მარტო წამალი არ უშველის. შენ თუ უხილავი ძაფებით კავშირი არ გააბი პაციენტთან, არაფერი გამოვა. ის უნდა გენდობოდეს და სჯეროდეს შენი. 

– ექიმების დაუცველობა ახსენეთ. გასაკვირი არაა, რადგან დღეს თავად უწმიდესია დაუცველი. ამასთან დაკავშირებით, გვერდს ვერ ავუვლი, აზრი არ გკითხოთ პარლამენტის მიერ მიღებულ იმ კანონზე, დიდი ვნებათაღელვა რომ გამოიწვია საზოგადოებაში.

– დიდი ილია ბრძანებდა: „ენა, მამული, სარწმუნოება“. მე თუ ეს არ მაქვს, ფუჭია ჩემი ცხოვრება. ხშირად მიწევს გასვლა უცხოეთში კონგრესებსა და კონფერენციებზე. ვის სჭირდები იქ შენ და რას წარმოადგენ? კი, ბატონო მედიცინა, კარდიოლოგია... მაგრამ ხუთი დღის შემდეგ მე უკვე მენატრება ჩემი სამშობლო, თბილისი, მეგობრები, სამსახური და პაციენტები. ამის გარეშე წარმოუდგენელია არსებობა და როცა ვინმე სარწმუნოებას შემილახავს, ვერ გავჩუმდები – ხმა უნდა ავიმაღლო! 

– აქ იმდენად სარწმუნოების შელახვა არ იყო. ხალხი აღაშფოთა იმან, რომ არ დაეკითხნენ ყველაზე ბრძენს, ანგარიშგასაწევ ადამიანს და ზურგსუკან – ჩუმად გააკეთეს თავიანთი ბნელი საქმე. ეს საქმე, პირველ რიგში, სარწმუნოებას, აქედან გამომდინარე კი, ყველაფერ დანარჩენს შეეხებოდა. საზოგადოება ამან შეურაცხყო...

– ეს ჩემთვის მეხის გავარდნა იყო. მე ვიცი, რომ რელიგიური დღესასწაულების დროს პირველი პირები სანთლებით ხელში უწმიდესის გვერდით დგანან. არ ვარ ახლოს პატრიარქთან, მაგრამ ჩემთვის დაუჯერებელია, რომ მისი თანხმობის გარეშე ასეთი გადაწყვეტილება შესაძლოა, ვინმეს მიეღო. 

– როგორც ბრძანეთ, ყველა პაციენტი თქვენთვის ერთია, მისთვისაც სამწყსოს ყველა წევრი, ასევე, ერთია. მშობელსაც ავადმყოფი შვილი ხომ უფრო მეტად უყვარს... მას შველა, ალბათ, უფრო სჭირდება. საზოგადოებას ხშირად უჭირს ამის გაგება...

– რასაკვირველია. არ არსებობს ჩემთვის განსხვავება, როცა ავადმყოფს უჭირს – გნებავთ, სომეხს, აზერბაიჯანელს, რუსს თუ ქართველს – ვდგავარ ხატების წინ და ვავედრებ მათ გადარჩენას!

ერთ ინტერვიუში მკითხეს – რატომ არ გაიკეთა პატრიარქმა სტენტირება საქართველოშიო? რომელ კარდიოლოგს შეეძლო ამის გაკეთება? იმხელა ემოციური დატვირთვა ექნებოდა ამას ყოველი ჩვენგანისთვის... ის იმდენად ბრძენია, იმდენად დიდი ადამიანია, რომ ჩვენ დაგვინდო, აგვარიდა ის პასუხისმგებლობა და უხერხულობა, რაც შესაძლოა, ამას მოჰყოლოდა. იმიტომ კი არა, რომ ქართველ ექიმებს არ ენდო – ეს თავისი სიბრძნით გააკეთა. ჩემთვის ეს ძალზე მოულოდნელი იყო. ახლაც არ მჯერა – როგორ შეიძლებოდა პარტიარქის ნების გარეშე იმის გაკეთება, რაც პარლამენტმა გააკეთა?!. 

– პატრიარქი თავად იმდენად მშვიდი, ბრძენი პიროვნებაა, რომ ჩვენი ემოციური ბუნების გათვალისწინებით, ერთსულოვნებისა და სიმშვიდისკენ მოგვიწოდებს. მან უკეთ იცის, რომ ემოციურ ფონზე შესაძლოა, ბევრად მეტი დავუშავოთ ჩვენს თავსაც, ქვეყანასაც, სარწმუნოებასაც... ამიტომ მოგვიწოდებს გონიერებისკენ. მან ჩვენზე უკეთ იცის და გრძნობს იმ გლობალურ საფრთხეებს, რამაც შესაძლოა, ქვეყანა გამოუსწორებელი კატასტროფის წინაშე დააყენოს. ერთი ფრაზა და მოწოდება არ ყოფილა პატრიარქისგან ისეთი, ქვეყანას ცუდად რომ შემობრუნებოდეს. პირიქით კი გვახსოვს... ამიტომ, ალბათ ,ახლაც უნდა დავუჯეროთ...

– ახალგაზრდები არიან და აუცილებლად მიხვდებიან, რომ მათ სჭირდებათ პატრიარქი.

– მარტო მათ კი არა, მთელ საქართველოს სჭირდება პატრიარქი...

– ყველას გვჭირდება. პატრიარქი არის ჩვენი იმედი. როცა მის ბრძენ სახეს ვუყურებ, ვწყნარდები და მგონია, რომ ცუდი რაც ხდება, ყველაფერი დროებითია.

ამქვეყნად საერთოდ ყველაფერი დროებითია... გმადლობთ, ბატონო ანზორ, თქვენი დიდი გულის ადამიანობისათვის, თქვენი „გულისათვის“ და გისურვებთ წარმატებას ისეთ ღვთისნიერ საქმეში, რასაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია.

ესაუბრა ბაია ამაშუკელი

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“