სამართალი
ირაკლი კობახიძე: დღევანდელი ასოცირების საბჭოს სხდომა ხაზს უსვამს ჩვენს ისტორიულ მიღწევას - საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. დღევანდელი ასოცირების საბჭოს სხდომა მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს ისტორიულ მიღწევას, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან − ჯოზეფ ბორელთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან − ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ დაადასტურა ძლიერი ნება იმისათვის, რომ მოხდეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ამ გზაზე წინსვლა.

დიდი მადლობა მასპინძლობისთვის ევროკავშირში, ბრიუსელში. დღევანდელი ასოცირების საბჭოს სხდომა მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს ისტორიულ მიღწევას, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში ვხელმძღვანელობ დელეგაციას. ეს არის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი ჩვენი პარტნიორობის და თანამშრომლობის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის იმ ვალდებულებას, რომელიც ევროკავშირის თანამეგობრობას, ამ ოჯახს უერთდება. ჩვენ ვიზიარებთ თქვენს ფასეულობებს, ღირებულებებს, ეს გამოწვევებით აღსავსე პერიოდია, თუმცაღა ჩვენი მიღწევები არის დიდი ძალისხმევის შედეგი. ასოცირების საბჭომ დღეს საშუალება მოგვცა, რომ განგვეხილა ის წინსვლა, რომელიც ქვეყანას აქვს მიღწეული ამ ასოცირების პროცესში. საქართველომ ძალიან ძლიერი ნება დაადასტურა იმისათვის, რომ მოხდეს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ამ გზაზე სწორუპოვარი სვლა წინ. ჩვენ იმ სამოქმედო გეგმას ვახორციელებთ, რომელიც ევროკომისიის 2023 წლის სამოქმედო გეგმაშია ასახული. ევროსაბჭოს სხდომაზე ესეც იქნა განხილული. ჩვენ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს კოლეგებთან ევროკომისიაში და სხვა უწყებებში, იმისათვის, რომ მოხდეს საერთო დღის წესრიგის განხორციელება და გადასვლა შემდეგ და ახალ ეტაპებზე. ჩვენი უახლოესი მიზანია, რომ დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და ერთიან ბაზარზე სრული წვდომა, იმისათვის, რომ მოხდეს სრული და თავისუფალი სავაჭრო სივრცის ათვისება“, - განაცხადა პრემიერმა.