„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორმა უჩა ნანუაშვილმა დღეს მისი თვალთვალის ამსახველი ფოტომასალა წარადგინა. უფლებადამცველმა ჟურნალისტებს რამდენიმე ფოტო აჩვენა, რომლებზეც დაფიქსირებულია ის ავტომანქანები, რომლებიც, მისივე თქმით, უთვალთვალებენ და თითქმის ყოველდღე დაჰყვებიან.
ნანუაშვილის განმარტებით, თბილისის სხვადასხვა უბანში გადაადგილებისას დაჰყვებიან „ტოიოტასა“და „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანები, რომლებსაც იდენტური ნომრები აქვთ - ROG 001. ასევე, ნანუაშვილის ცნობით, მას „მერსედესისა“ და „ტოიოტას“ ავტომანქანებითაც უთვალთვალებენ და მათაც იდენტური ნომრები აქვთ - AND 777.
„ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით MIA 070 სახლშიც კი მაცილებს“, – დასძინა ნანუაშვილმა, რომელიც შსს-ს მოუწოდებს, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთოს.
ნანუაშვილი მოითხოვს, შსს-მ განმარტოს, მიმდინარეობს თუ არა რაიმე გამოძიება მის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შეწყდეს მისი თვალთვალი. მისი განცხადებით, ფოტორეპორტიორების შემდეგ ხელისუფლება ცდილობს უფლებადამცველების დისკრედიტაციას.
საქინფორმი