აქტუალური
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი კიბერსწავლება დასრულდა

 საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დიდი ბრიტანეთის არმიის ერთობლივი კიბერსწავლება – Defence Cyber Marvel 2024 დასრულდა.

დასკვნით ღონისძიებაზე კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მარკ კლეიტონმა. მათ კიბერუსაფრთხოების კუთხით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგი კიბერსპეციალისტების კიბერთავდაცვითი უნარ-ჩვევების განვითარებასა და კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებაზე იყო ორიენტირებული. სასწავლო პროგრამის სიმულაციური სცენარი კი კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე კიბერშეტევებს ითვალისწინებდა.

ტრენინგში ქართველმა და ბრიტანელმა კიბერსპეციალისტებმა მიიღეს მონაწილეობა. ერთკვირიანი სწავლება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) ჩატარდა.

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ სწავლებაში თავდაცვის სამინისტროს კიბერსპეციალისტები უკვე მეორედ მონაწილეობენ. სწავლება მიზნად ისახავს კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას, ასევე ნატო-სა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობას.