აქტუალური
TI საქართველომ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 16 თებერვალს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2022 წელთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, თუმცა, 2021 წელთან შედარებით, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება „კვლავ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“. ორგანიზაციის თქმით, 2023 წელს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება ძირითადად ფულადი გზავნილების კლებამ განაპირობა.

2023 წელს საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით 3.1 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 13%-ით ნაკლებია. 2023 წელს რუსეთიდან მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 10.3% იყო, ხოლო 2022 წელს 14.5%.

2023 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 11,552 კომპანია დაარეგისტრირეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი 26,339 კომპანიაა რეგისტრირებული. ამასთან, 2022 წლის მარტიდან საქართველოში 3.6-ჯერ მეტი რუსული კომპანია დარეგისტრირდა, ვიდრე 1995-2021 წლებში.

ანგარიშის თანახმად, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 34,000-მდე ისეთი კომპანიაა იყო დარეგისტრირებული, რომელთა მფლობელები რუსეთის ფედერაციის იურიდიული პირები ან/და მოქალაქეები არიან.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2022-2023 წლებში დარეგისტრირებული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა, რაც მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა.

2023 წელს რუსეთიდან 1.4 მლნ ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს 3.6%-ით ჩამორჩება.

დოკუმენტის თანახმად, რუსი ვიზიტორების წილი მთლიან ვიზიტორებში 20%-დან 20.1%-მდე გაიზარდა.

ორგანიზაციის თქმით, რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად იმიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს 62,300 რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად.

მართალია მიგრაციის შესახებ მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 2023 წელს რუსეთიდან საქართველოში 1,856 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 1,887 ათასი გავიდა.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წელს რუსმა ვიზიტორებმა საქართველოში 938 მლნ დოლარი დახარჯეს, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 5.3%-ით მეტია. ვიზიტორებისგან მიღებულ მთლიან შემოსავალში რუსი ვიზიტორებისგან მიღებული შემოსავლის წილი 2022 წელს 25.3% იყო, 2023 წელს კი 22.8%-მდე შემცირდა.

2023 წელს რუსეთიდან 1.5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 26%-ით ნაკლებია, თუმცა 2021 წლის მაჩვენებელს 3.7-ჯერ აღემატება. ორგანიზაციის თქმით, ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს.

2023 წელს რუსეთიდან გადმორიცხული თანხის წილი მთლიან გზავნილებში 37% იყო, რაც 10.3% პუნქტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.

2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან 3%-ით შემცირდა და 2.4 მლრდ დოლარი შეადგინა. ორგანიზაციის თქმით, სავაჭრო ბრუნვის შემცირება იმპორტის კლებამ განაპირობა.

2023 წელს ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი 2.3%-ით გაიზარდა და 657 მლნ დოლარი შეადგინა. საქართველოს მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 10.8% იყო, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2023 წელს საქართველოდან რუსეთში ყველაზე მეტად უალკოჰოლო სასმელების ექსპორტი გაიზარდა 32 მლნ დოლარით (36%-ით).

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2023 წლის 1 აგვისტოდან, საქართველოს მთავრობამ აშშ-დან შემოყვანილი ავტომობილების რუსეთში რეექსპორტი აკრძალა. 26 სექტემბრიდან კი მსგავსი აკრძალვა ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოყვანილი ავტომობილების რეექსპორტზეც გავრცელდა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება აშშ-ის და ევროკავშირის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციების გამკაცრებითაა განპირობებული და რომ სანქციების შემოღებამდე, 2023 წლის იანვარ-ივლისში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან რუსეთში ავტომობილების რეექსპორტი 200%-ით გაიზარდა, ხოლო აგვისტო-დეკემბერში 98%-ით შემცირდა. ჯამში, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, რუსეთში ავტომობილების რეექსპორტი 11%-ით შემცირდა.

დოკუმენტის თანახმად, „რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით კვლავ ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა“. 2023 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტი 5%-ით გაიზარდა და 168 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 65% უჭირავს, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ნათქვამია ანგარიშში.

2023 წელს რუსეთიდან იმპორტი 5%-ით შემცირდა და 1.7 მლრდ დოლარი შეადგინა. თუმცა, 2021 წელთან შედარებით 71%-ით არის გაზრდილი. რუსეთის წილი საქართველოს ჯამურ იმპორტში 11.3%-ია, რაც 2.2% პუნქტით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს რუსეთიდან ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა – 70 მლნ დოლარით (11%-ით). 2023 წელს რუსული საწვავის იმპორტის შემცირება ორმა მიზეზმა განაპირობა: 1. 21 სექტემბრიდან 17 ნოემბრამდე რუსეთმა ბენზინის ექსპორტი შეაჩერებული ჰქონდა და 2. რუსული ბენზინი გაძვირდა.

2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი 15%-ით გაიზარდა და 596 მლნ კუბ მეტრი შეადგინა (131 მლნ დოლარის ღირებულების). საქართველოს შიდა მოხმარებაში რუსული ბუნებრივი აირის წილი 20%-მდე გაიზარდა (საქართველოს ბუნებრივი აირის შიდა მოხმარებაში 80% აზერბაიჯანიდან იმპორტირებულს უჭირავს).

2023 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში 67 მლნ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის იანვარი-სექტემბრის მაჩვენებელზე 17%-ით მეტია.

ზემოთხსენებულ მონაცემებზე დაყრდნობით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საქართველოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან, „ტრადიციულად, რუსეთი ეკონომიკურ ურთიერთობებს დამოუკიდებელ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს“. ორგანიზაციის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. ამისათვის კი საჭიროა:

რუსეთთან ვაჭრობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან;

რადგან ღვინის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება რთულია და სწრაფად ვერ განხორციელდება, მთავრობას უნდა გააჩნდეს სტრატეგია, თუ როგორ შეამცირებს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას მომავალი წლების განმავლობაში;

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახმარებები არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის.