საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დღევანდელ განცხადებაში ამოვიკითხეთ, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია მმართველი პარტიის დაქვემდებარებულ უწყებას წარმოადგენს. არ არსებობს არცერთი გარემოება, რომელიც მიუთითებდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიკერძოებულ საქმიანობაზე, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.
კალანდარიშვილის თქმით, ეს უსაფუძვლო შეფასებაა.
„კანონი ვერ იქნება საარჩევნო ადმინისტრაციის შესაფასებელი. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, მის აღსრულების ნაწილზე ვისაუბროთ საარჩევნო პროცესთან მიმართებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დღევანდელ განცხადებაში ამოვიკითხეთ, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია მმართველი პარტიის დაქვემდებარებულ უწყებას წარმოადგენს, განსაკუთრებით ვერტიკალის ნაწილში და თითქოს, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, კვლავ ასე გაგრძელდება.
ეს, სულ მცირე, არაპროფესიული და აბსოლუტურად უსაფუძვლო შეფასებაა. დღევანდელ დღემდე არ არსებობს არცერთი გარემოება, რომელიც მიუთითებდა საარჩევნო ადმინისტრაციის მიკერძოებულ საქმიანობაზე სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიმართ.
„საბოლოო ჯამში, რა სახეს მიიღებს საკანონმდებლო ცვლილებები, ამას მესამე მოსმენის შემდეგ ვნახავთ. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში, კონკრეტულ პერსონალიებთან მიმართებით საარჩევნო ადმინისტრაციის როლი მხოლოდ და მხოლოდ იმით გამოიხატება, შემდეგ რამდენად მივიღებთ მონაწილეობას არჩევის პროცესში. მინდა, წარმატებები ვუსურვო ყველა კანდიდატს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს პროცესში, რომელიც იქნება კვალიფიციურ, პროფესიულ, ნეიტრალურ, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ბაზაზე დაფუძნებული“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ სარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, საარჩევნო კანონმდებლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ცვლილებები წინააღმდეგობაშია ევროკომისიის მოთხოვნებთან. განცხადებაში ასევე აღნიშნულია: „კანონპროექტი ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას, ის ასევე წინააღმდეგობაში მოდის ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯთან, რომლებიც, სხვა მოთხოვნებთან ერთად, ეუთო/ოდირ-ის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებას, საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას მოითხოვს. კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, გააგრძელებს მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების სრული კონცენტრაციის ტენდენციას, შეუნარჩუნებს მას ცესკო-ს პროფესიული წევრების არჩევის შეუზღუდავ უფლებამოსილებას და სრულ კონტროლს საარჩევნო ადმინისტრაციის მთელ ვერტიკალზე“.