პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი - სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიერ მოყვანილი პრეზიდენტისგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც მიუნხენში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ზურაბიშვილს კანდიდატის სტატუსი მისაღებად არაფერი გაუკეთებია და მისი მიზანი იყო, რამენაირად წაეღო დიდი მონაპოვარი - კანდიდატის სტატუსი.

სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი ჩვენი პარტიის თითოეული წევრის თვალში. ჩვენი გადმოსახედიდან იგი არ ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. მან არაერთგზის უხეშად დაარღვია კონსტიტუცია და აგრძელებს დარღვევას. სირცხვილია ასეთი მოქცევა ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან და ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მიერ მოყვანილი პრეზიდენტისგან - ეს მინდა შევახსენო ქალბატონ სალომეს. მისი რეიტინგი 1% იყო და „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა იგი მოიყვანა პრეზიდენტად. ამის შემდეგ ამ ადამიანმა უღალატა როგორც გუნდის, ისე სახელმწიფო ინტერესებს. სხვა შეფასება არ მექნება სალომე ზურაბიშვილზე. მისი ვიზიტიც ამის დადასტურებაა. ყველაფერი შეფარულია. მისი წინასწარი კამპანია, რა თქმა უნდა, ყალბი და ფარისევლური იყო. არაფერი გაუკეთებია, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო. მისი მიზანი იყო, რამენაირად წაეღო ის დიდი მონაპოვარი - სტატუსი, რომელიც ჩვენ მოვიტანეთ ხალხისთვის, ხალხთან ერთად. მაგრამ აქაც განიცადა ფიასკო. თავად აირჩია ეს გზა. თავად აირჩია დამდგარიყო რადიკალური, ექსტრემისტული პოზიციის გვერდით და რა თქმა უნდა, მისი ხვედრიც შესაბამისი იქნება. ისიც ოპოზიციასთან ერთად იზეიმებს დიდ წაგებას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.