აქტუალური
ილია დარჩიაშვილი თურქეთს სტუმრობს

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება. 15 თებერვალს, იგი თავის თურქ კოლეგას, ჰაქან ფიდანს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ნუმან ქურთულმუშთან.

საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მათ შორის, თანამშრომლობის საკითხები ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სტრატეგიული რეგიონული პროექტების, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში. მათ წარმატებულად შეაფასეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა.

მინისტრებმა განიხილეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანზიტო პოტენციალი. ამ კონტექსტში, აღნიშნეს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის, ასევე, შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და ასევე საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატის მნიშვნელობას.

მათ ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და უსაფრთხოების გამოწვევები. შეხვედრაზე, თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მათ ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობაში.

შეხვედრის ბოლოს საუბარი შეეხო საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატს. ასევე, მინისტრებმა აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია გაცვალეს და განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.