უცხოეთი
Financial Times - უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაბლოკა

 საქართველო, 16 თებერვალი, საქინფორმი. უნგრეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების უახლესი პაკეტის დამტკიცება დაბლოკა, - ამის შესახებ Financial Times-ს ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს, რომელთა ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს.

Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირის ელჩების გუშინდელ შეხვედრაზე უნგრეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სანქციების მე-13 პაკეტს, რომლის სამიზნეც რუსეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების 200-მდე მოქალაქე და ორგანიზაცია იყო.

ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა Financial Times-თან საუბარში განაცხადა, რომ უნგრეთი არ დათანხმდა ახალ სანქციებს სიაში ჩინური კომპანიების არსებობის გამო.

მოლაპარაკებების შესახებ საუბრისას კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ უნგრეთის ელჩმა ცოტა მეტი დრო ითხოვა შინაარსის გასაანალიზებლად.

გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ დისკუსიები გაგრძელდება და წევრი ქვეყნების მინისტრები, სავარაუდოდ, ამ საკითხს მომავალ კვირას გამართულ შეხვედრაზე დააყენებენ. სანქციების პაკეტის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მომავალი კვირის ოთხშაბათს მიაღწევენ.

ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში 19 თებერვალს უნდა დაამტკიცონ.

interpressnews.ge