საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. სპეციალისტებთან ერთად მოხდეს კონკრეტული სტიქიის ზონების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გასაჯაროება. ამის პარალელურად ადამიანები უნდა იყვნენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანილი და უზრუნველყოფილები დახმარებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე მაღალმთიან აჭარაში არსებულ სტიქიურ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ საჭირო იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მზად არიან ჩაერთონ პროცესში და მოქალაქეებს დაეხმარონ პრობლემების მოგვარებაში.
„კიდევ ერთხელ მინდა სამძიმარი გამოვუცხადო სტიქიით დაღუპულთა ოჯახებს და მინდა კონკრეტული ინფორმაციის შესახებ ვამცნო მათ შორის ხელისუფლებას. მაღალმთიან აჭარაში ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობაა. უმძიმესი რეალობაა ხულოში, შუახევში, ქედაში, სადაც ფაქტობრივად ახლაც მძვინვარებს სტიქია. ასობით მოქალაქე ელოდება ხელისუფლების მხრიდან მზრუნველობას, დახმარებას და მათთვის უსაფრთხო ადგილის შეთავაზებას. ამ წუთსაც რამდენიმე ასეული ოჯახი ცხოვრობს ისეთ სახიფათო ადგილას სტიქიის ზონაში, სადაც ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის არის სახიფათო. უმნიშვნელოვანესია ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და შესაბამისად ამ ადამიანებს გაუწოდოს დახმარების ხელი.
ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში: სპეციალისტებთან ერთად მოხდეს კონკრეტული სტიქიის ზონების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების გასაჯაროება. ამის პარალელურად ადამიანები უნდა იყვნენ უსაფრთხო ადგილას გადაყვანილი და უზრუნველყოფილები დახმარებით. არა ისეთით, რასაც ხშირ შემთხვევაში აკეთებს ხოლმე ხელისუფლება, არამედ ღირსეულად დაეხმარონ ამ ადამიანებს, რომ გააგრძელონ ამ ადამიანებმა ცხოვრება ღირსეულ პირობებში.
ჩვენი აჭარის ორგანიზაცია, აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩვენი წარმომადგენლობა, ადგილობრივ თვითმმართველობებში, იქნებ ეს შუახევი, ხულო თუ ქედა, ცხადია მზად ვართ, ჩვენი მოქალაქეების გამო მათთან ერთად ვიმუშაოთ, მათ დავეხმაროთ ამ პრობლემების მოგვარებაში. თუ ჩვენი მხრიდან რაიმე მხარდაჭერა დაჭირდება, აჭარის ხელისუფლება იქნება თუ ადგილობრივი თვითმმართველობა, მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.