საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ფარჰად აბდულაევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გამოაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა კი - დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტად ოფიციალურად გამოცხადდა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აბდულაევმა აღნიშნა, რომ კანონის შესაბამისად, ილჰამ ალიევი მომდევნო 7 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეულად ითვლება.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
გადაწყვეტილების გამოცხადებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სასამართლოს პლენუმმა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით განიხილა და შეაჯამა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოქმში მოცემული ინფორმაცია და დაადგინა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ ოქმი საარჩევნო კოდექსის დებულებებს შეესაბამება.
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხმების 92.12 პროცენტით გამოცხადდა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, არჩეული პრეზიდენტი ფიცს დებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოცხადების დღიდან სამი დღის ვადაში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში 7 კანდიდატი მონაწილეობდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 76.43 პროცენტი შეადგინა. არჩევნების საბოლოო შედეგები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 11 თებერვალს გამოაცხადა.