აქტუალური
საქართველოში ვიზიტების რაოდენობით რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოში ვიზიტების მხრივ რუსეთის მოქალაქეები ლიდერობენ - 2023 წელს ქვეყანას 1,4 მილიონი რუსეთის მოქალაქე ეწვია, რაც 30,5%-ით მეტია 2022 წელთან და 3,6%-ით ნაკლები 2019 წელთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

მთლიანობაში, საქართველოს წლის დასაწყისიდან 7,1 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30,3%-ით მეტია, ხოლო პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით – 24,4%-ით ნაკლები.

ვიზიტების საერთო რიცხვიდან 4,7 მლნ ტურისტული იყო, რაც 2022 წელთან შედარებით 27,8%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით ნაკადი 91,9%-ით აღდგა.

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ძირითადი ნაწილი – 68,6% სახმელეთო გზით შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. მეორე ადგილზე „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტია.

ქვეყანაში საჰაერო გზით უცხოელების 31,1% შემოვიდა. ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც თითქმის 1,2 მლნ ვიზიტორმა ისარგებლა.