სამართალი
მიხეილ სააკაშვილი: ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდს, მზად ვარ, ამ არჩევნებში ვიყო წინა ხაზზე

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, მე მზად ვარ, ამ არჩევნებში ვიყო ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, არჩევნებზე წყდება საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი.

„ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს. ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე, თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები. ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ ასევე საზოგადოებრივი მოღვაწეები. მე მზად ვარ, ამ არჩევნებში ვიყო ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე. აქ წყდება საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი, აქ წყდება საკთხი, საერთოდ გვექნება მომავალი თუ ეს მომავალი უიმედოდ დაიკარგა.

ერთი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, მინდა, გაგიზიაროთ. 2022 წლის მონაცემებით, სტატისტიკის საიტზე 20-85 წლის ასაკის 2 მილიონ 735 ათასი ადამიანი გვყავს. ცესკო-ს 2021 წლის მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 3 მილიონ 497 ათასი. ამ ორ რიცხვს სხვაობა არის 762 ათასი. მათი აზრით, გამოდის, რომ 18-19 წლის ასაკის ამომრჩეველი შემოგვემატა ამ ოდენობით. ამ რიცხვებში 500 ათასი ადამიანი ვინ არის და საიდან მოვიდა ცესკო-ს რაოდენობაში, არავინ არ იცის ზუსტად. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ეს არის ის ხალხი, ვინც განდევნეს საქართველოდან, ხელოვნურად გაყარეს, მერე დაამზადეს მათი პირადობის მოწმობები და ასე აპირებენ ამ ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. ამიტომ მიაჩნიათ, რომ ახლა მთავარია, არ იყოს ბუნტი, იყოს სინწყნარე, მშვიდად მიაგორონ არჩევნები და უხეშად გააყალბონ, მაგრამ ჩვენ არ ვისხდებით ხელჩამოშვებულები. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ „ქოცებს“ 500 ათასი ხმა არჩევნებამდე უკვე აქვთ, თან ისე, რომ ვერც შინაური და ვერც გარეული დამკვირვებელი იმ დღეს დარღვევას ვერ იპოვის. ამიტომ ამ მონსტრის დასაშლელი ერთადერთი გზა არის სიების მონიტორინგი. კარგად დატრენინგებული ადამიანები სწორი მეთოდოლოგიით იწყებენ თითოეული ამომრჩევლის გადამოწმებას ცესკო-დან გამოთხოვილი სიების მიხედვით. ამიტომ მე ვაანონსებ ხმების მცველის სკოლის შექმნას, რომელიც ამოქმედდება ერთ თვეში, თვე-ნახევარში. ათასობით ადამიანს ვასწავლით ამ სულელური სქემების გამოცნობას და მათ აღკვეთას. მთელ მსოფლიოს ჩვენ ამას შევატყობინებთ. წყნარად არ გამოგივათ ამ გაყალბების მომზადება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მოპარული 500 ათასი ხმა გაგაგდებინოთ ხელიდან. თქვენ მოიპარეთ ბიუჯეტი, ხალხის იმედი და გინდათ, მოპაროთ არჩევნები და საბოლოოდ ჩაასამაროთ, მოსპოთ ეს ქვეყანა. ვერ მოგართვით. ცივი წყალი დალიოს მან, ვისაც ამის გაკეთება სურს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბორდში მისი თავმჯდომეობის თემა არის პირველი შემთხვევა, როდესაც უშუალოდ ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში, როგორც „ნაციონალური მოძრაობა- გამარჯვების პლატფორმის“ წარმომადგენელი.

„რა თქმა უნდა, მე ვრჩები უკრაინის ლოიალურ მოქალაქედ, ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მინდა, ყველას შევახსენო, რომ ბიძინა ივანიშვილი კენჭს იყრიდა, როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ეს პრეცედენტი საქართველოში არსებობს. ასე რომ, ამ პრეცედენტის გათვალისწინებით, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მთავარია, ძალიან ბევრი ხალხი მოემზადოს არჩევნებზე მისასვლელად. ამათ უნდათ დაბალი გამოცხადება, რათა შეძლონ ბევრის ჩაყრა. როდესაც მთელი ტალღა, ცუნამი მოვა, ვერაფერს შეძლებენ. ამათ ახლა უნდათ ვითომ სიტუაციის ჩაცხრობა. ესენი რობოტებივით არიან, საჭიროა რუსეთთან დაწოლა, დაუწვებიან რუსეთს, საჭიროა ევროპის ლანძღვა, გალანძღავენ. რაც მთავარია, მათ არ უყვართ ქართველი ხალხი. არასტაბილურობას უნდა მოვუღოთ ბოლო. საქართველო უნდა იყოს თავისუფალი. თავისუფლება ყველაფერს დაალაგებს. საქართველო უნდა იყოს ოლიგარქის გავლენის გარეშე, მაშინ ყველაფერი დალაგდება. საქართველო უნდა იყოს ევროპაში და ჩვენ, ყველანი, მოვნახავთ საერთო ენას. წინ გვაქვს დიდი ბრძოლა. ძალიან განწყობილი ვარ ამ ბრძოლისთვის, როგორი ფიზიკური პრობლემებიც არ უნდა მქონდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.