აქტუალური
ქართული წარმოების ღვინოზე მოთხოვნა თუ არ გაიზარდა, გლეხობა ვენახებს გაჩეხავს

Rvinoo„თავისუფალი საქართველოს“ მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ ბოლო წლებში ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი მეზობელ სახელმწიფოში ჩვენი პროდუქციის ემბარგოა, რაც ყველაზე მძიმედ კახელ გლეხებზე აისახა, მათ შორის, საგარეჯოს მოსახლეობაზეც, რომელთა უმრავლესობის შემოსავლის წყაროს სწორედ ყურძენი წარმოადგეს.

წელს განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ყურძნის მოსავალთან დაკავშირებით – ვენახების ნაწილი სტიქიამ დააზიანა, ნაწილი კი – შხამქიმიკატების უხარისხობამ და უვარგისობამ, რაც საბოლოო ჯამში მოქმედებს მოსავლის რაოდენობაზე.

„ყურძნის ნაკლებობის მიუხედავად, ნაკლებსავარაუდოა ფასების ზრდა, რადგან პროდუქტზე მოთხოვნა არასაკმარისია. როცა ყურძენზე ფასს განსაზღვრავს არა ბაზარი, არამედ სახელმწიფო, რომელიც ცდილობს, მოსახლეობისგან შეისყიდოს პროდუქცია, ვერ იქნება და არ იქნება საკმარისი იმ ხარჯების ანაზღაურება, რაც გლეხს უჯდება ყურძნის მოყვანა, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც სავარაუდო მოსავლის 50% ფუჭდება. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ თუკი ყურძნის ფასი იქნება ისეთი, როგორიც იყო გასულ წელს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვენახს გაჩეხავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სიტუაციიდან გამოსავალი ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, ერთია – ეს არის ქართული ღვინის დაბრუნება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში. მას შემდეგ, რაც გახდა ცნობილი, რომ რუსეთის მხარე მზადაა, განიხილოს ქართული პროდუქციის დაბრუნება, კახეთის მოსახლეობას იმედი გაუჩნდა, ეს იქნება ის ერთადერთი გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გადავარჩინოთ შვილივით ნაზარდი ვაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ გამოუსწორებელ შედეგებს, რომელიც აისახება არამხოლოდ კახეთის ეკონომიკურ მხარეზე, არამედ მის ისტორიულ და კულტურულ მნიშვნელობაზე“, – აღნიშნა პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თანადგომის“თავმჯდომარე კახა ლაფერაშვილმა განცხადებაში.

 

საქინფორმი