„პუბლიკაციასა და პრესკონფერენციაზე თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ზეწოლის ქვეშ მოაწერა ხელი საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებისთვის, რაც მას პრემიერ-მინისტრის პოსტად დაუჯდა. თქვენ ასევე განმარტეთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რომელიც სასწრაფოდ ჩამოვიდა თბილისში ხელშეკრულების ხელმოსაწერად, კონკრეტული მიზნები ჰქონდა. თქვენ გარდა, მსგავსი არავის არსად განუცხადებია“, - ჩვენ დავურეკეთ საქინფორმის მთავარ რედაქტორს, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორს არნო ხიდირბეგიშვილს, რათა დაწვრილებით გვეკითხა ამ განცხადების შესახებ, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია თბილისში, ერევანსა და ბაქოში.
არნო ხიდირბეგიშვილი: „აშშ იყოლიებს სომხეთს, რათა გადააქციოს ისეთსავე პატარა კოლონიად, როგორც ბალტიისპირეთის რესპუბლიკები. ამ ამოცანას ასრულებს სააკაშვილის მეგობარი - ნიკოლ ფაშინიანი, რომელსაც ისღა დარჩა აზერბაიჯანს გადასცეს სომხეთის სიუნიკის ოლქი, რომელიც აშორებს აზერბაიჯანს ნახიჩევანის ოლქსა და თურქეთს. არ არის გამორიცხული, აზერბაიჯანმა, პირველ ხანებში მაინც, მისცეს სომხეთს უფლება გამოიყენოს სიუნიკზე გამავალი ზანგეზურის დერეფანი - ერთადერთი, რომელიც სომხეთს ირანთან აკავშირებს. აშშ მიდრეკილია მსოფლიო რუქის გადაკეთებისკენ, მათ შორის სამხრეთ კავკასიის „ოპტიმიზაციისკენ“. 2008 წელს სააკაშვილის ხელით ასე ჩამოაშორა საქართველოს აფხაზებითა და ოსებით დასახლებული რაიონები, რომლებიც მოსკოვისკენ მიისწრაფვოდნენ, რათა ტერიტორიების ამ 20 პროცენტთან ერთად გამქრალიყო მთავარი დაბრკოლება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.
ყარაბაღის მთლიანად აზერბაიჯანისთვის მოულოდნელად გადაცემით, ფაშინიანმა დაიწყო სომხეთის პრიბალტიზაციის პროცესი - მისი რუსეთისგან და თავად სომხეთისგან იმ ტერიტორიების ჩამოშორება, რომლებიც ხელს უშლის სომხეთის ახალ ევროატლანტიკურ კურსს, ასევე თურქეთის შეუფერხებლად გასასვლელად კასპიის ზღვაზე აზერბაიჯანის გავლით. ვაშინგტონის ჩანაფიქრით, სომხეთის პროდასავლურ საქართველოსთან ინტეგრაციის საუკეთესო დასტური თბილისში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაა. ასე აფართოებს ვაშინგტონი უკრაინა-საქართველო-მოლდოვას ასოცირებულ ტრიოს კვარტეტის ფორმატამდე!
სომხეთი, რომელმაც უგულებელჰყო კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრობა და რუსეთთან სამხედრო ალიანსი; რომელიც ეძებს ახალ მოკავშირეებს დასავლეთში; სომხეთი, რომლის პრემიერის მეუღლე რუსეთთან ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტთან გაფრინდა, რათა ზელენსკისთვის თავისი ქმრის ნიკოლის მხარდაჭერის სიტყვები გადაეცა; სომხეთი, სადაც შეურაცხყვეს ალყაში მყოფი ლენინგრადის ბავშვთა მემორიალი; სომხეთი, რომელიც შეუერთდა რომის სტატუტს, რომლის მიხედვითაც იგი ვალდებულია დააკავოს პრეზიდენტი პუტინი: ასეთ სომხეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა ნიშნავს სტრატეგიულ შეცდომას, ნიშნავს რუსეთის გამოწვევას. ხელმოუწერლობა კი აშშ-ს გამოწვევას და საქართველოს ნახევარი მილიონი მოქალაქის - ეთნიკური სომხების შეცდომაში შეყვანას ნიშნავდა. ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო - შეთანხმების ხელმოწერა და ამავდროულად, ხელმომწერის დასჯა, მსხვერპლად შეწირვა. ასეც გადაწყდა - ღარიბაშვილს ფაშინიანთან შეთანხმებას ხელი მოაწერინეს, ორი დღის შემდეგ კი გადააყენეს“.