კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ საქართველოს მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას ფოტორეპორტიორების საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ ახსნის თხოვნით ოფიციალურ მიმართვას უგზავნის.
საქინფორმი მას უცვლელად გთავაზობთ:„ბატონებო, მოგეხსენებათ, საქართველოს შსს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებული არიან ზურაბ ქურციკიძე (ევროპის პრესფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი) და ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი). შს მინისტრმა კოალიციის – „მედია ადვოკატირებისათვის“ – წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქმე სრულიად საიდუმლო არ არის, გასაიდუმლოებულია მხოლოდ საქმის ნაწილი. ასევე, შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი 2011 წლის 15 ივლისის ოფიციალურ სატელევიზიო განცხადებაში ადასტურებს, რომ ფოტორეპორტიორებთან დაკავშირებულ საქმეს სრულად არ ადევს საიდუმლო გრიფი.
ამის მიუხედავად, დაკავებულთა ადვოკატების ცნობით, მათ დადებული აქვთ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გაუხმაურებლობის ხელწერილი, ხოლო საქმის მასალები სრულად არის გასაიდუმლოებული. ამ განცხადებებს შორის არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებაში არსებულ გაურკვევლობას. ჩვენთვის, სამოქალაქო საზოგადოებისათვის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, არ არის ხელმისაწვდომი საკმარისი ინფორმაცია საქმეში არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით არც სახელმწიფოს უფლებამოსილი წარმომადგენლების და არც ბრალდებულთა ადვოკატების მეშვეობით. მოვითხოვთ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმის მასალები იყოს ღია და ხელმისაწვდომი. ამასთან, მოგმართავთ თხოვნით, შეიცვალოს ადვოკატების მიერ დადებული ხელწერილის პირობები და მათ მიეცეთ შესაძლებლობა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია გაავრცელონ. კოალიცია იმედს გამოთქვამს, რომ დაუყოვნებლივ მოახდენთ რეაგირებას ჩვენს განცხადებაზე. გთხოვთ, პასუხი გვაცნობოთ წერილობით“, – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს კოალიციის ყველა წევრი ორგანიზაცია.
საქინფორმი