საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარტია ევროპელი სოციალისტების ლიდერმა, ფრიდონ ინჯიამ თქვა, რომ ჟენევის ფორმატის პარალელურად, საჭიროა "მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი მიიღებს მონაწილეობას". ამასთანავე, ინჯიას აზრით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიულ პროექტებში აქტიურად უნდა ჩართოს.
"რუსეთს თავისი ინტერესები განაღდებული აქვს – ის წარმოდგენილია საქართველოში, აგერ თბილისიდან 40 კილომეტრშია. [რუსეთს] არაფერი არ აქვს განსახილველი. აშშ-ს ასეთი, არსებული სტატუს კვო აწყობს. ის არ არის დაინტერესებული, რომ ჩვენ [ოკუპაციის] საკითხი გადავწყვიტოთ. თუ ჩვენ ამას გადავწყვეტთ, ისინი გარკვეულწილად აღმოჩნდებიან სხვა მხარეს, საჭირო აღარ იქნებიან.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი გახდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ცალსახად მომხრეა და აცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის, ერთიანობის, ხომ არ ჯობდა, ჟენევის ფორმატის პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, რომელშიც ჩინეთიც იქნება ჩართული. თუ ამ პერიოდში, ჩინეთი ჩაერთვება იმ სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში და უფრო მეტი ინტერესი ექნება საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ ჩვენ შეგვიძლია შევაჯიბროთ ეს 2 ფორმატი. ჟენევის და მეორე ფორმატი გავხსნათ, რომელშიც წამყვანი იქნება ჩინეთი და ვნახოთ, რომელი აჯობებს.
[...] მე ვფიქრობ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მეტ სტრატეგიულ პროექტში უნდა ჩართოს ჩინეთი, ყველაფერი გააკეთოს ამისათვის. ეს მოგვცემს საშუალებას, მივიდეთ ჩინეთთან, ვთხოვოთ და ჩვენი მთავარი ინტერესები შესაძლოა სხვანაირად გადაწყდეს", - თქვა ინჯიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის დელეგაციის ჩინეთში გამართული რამდენიმედღიანი ვიზიტის პარალელურად, 31 ივლისს გამოქვეყნდა ორი ქვეყნის ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.